3-ბორბლიანი ბრიტანელი კომიკოსი
საწვავის კრიზისიდან გამომდინარე ავტო ინდუსტრიამ არაერთი ავტომობილი იხილა, რომელიც მხოლოდ ეკონომიურობაზე იყო ორიენტირებული. სწორედ ამ მიზეზით ბრიტანელებმა 70-იანი წლების დასაწყისში 3-ბორბლიანი ავტომობილი გამოუშვეს. Reliant Motor Company-მ ისეთი ავტომობილი შექმნა, რომელსაც საწვავის ხარჯი მოტოციკლეტის მსგავსი ჰქონდა. თავდაპირველად Reliant Robin-ი 0.7 ლიტრის მქონე ძრავებით გამოდიოდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 113 კმ/სთ-ს შეადგენდა. მოდელის ევოლუციის პერიოდში ეს მონაცემები შედარებით გაუმჯობესდა.
სამ ბორბალთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება არსებობდა - ზოგი ამბობდა, რომ ამით ავტომობილს გზის საფართან მიმართებაში ნაკლები წინაღობა ექნებოდა და შესაბამისად საწვავის მოხმარებაც შემცირდებოდა, ზოგი კი ფიქრობდა, რომ ამ გადაწყვეტილებით კომპანიან სათადარიგო ნაწილების ეკონომია გააკეთა, რადგან მისი საბაზრო ღირებულება დაბალი გამოსულიყო. ერთი ფაქტი რაც ნამდვილია ისაა, რომ ამ ავტომობილით გადაყირავება 30 კმ/სთ-ითაც ძალიან მარტივად იყო შესაძლებელი. ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი კომიკური ვიდეო და რამდენიმე ბრიტანული ანეგდოტიც კი არსებობს.
დროთა განმავლობაში აღნიშნული კრიზისის და იმის გამო, რომ ავტომობილი დროსთან მიმართებაში ძალიან "უცხო ხილი" იყო, კომპანია საკმაოდ განვითარდა. Robin-ის წარმოება იმდენად გაიზარდა და დაიხვეწა, რომ მოცემული მოდელი რამოდენიმე კომპლექტაციაშიც კი იწარმოებოდა, მათ შორის მდიდრულშიც.
ამ ავტომობილის დანიშნულება ყველაფრის ეკონომია იყო. ავტომობილი ძალიან იაფი ღირდა (9000 ფუნტი) საწვავს მოტოციკლეტივით მოიხმარდა, მისი მეპატრონეები ბიუჯეტში ნაკლებს იხდიდნენ და წარმოების სხვადასხვა პერიოდებში მისი მართვა მოტოს კატეგორიითაც კი იყო შესაძლებელი. 1999 წელს კომპანიამ ბოლო და საბედისწერო მოდელი გამოშვა. მოცემულ პერიოდში საწვავის კრიზისი დაძლეული იყო და 30-წლიანი უცვლელი წარმოების გამო Reliant Robin-ი მომხმარებლებს უბრალოდ გადაავიწყდათ. ამ ფაქტმა კომპანიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და 1999-2001 წლებში ბოლო თაობის მოდელი სულ რაღაც 65 ერთეული გამოუშვეს, რაც ამ ტრადიციული ბირტანული ავტოისტორიის დასასრული აღმოჩნდა.