ძრავა, დეფექტი, უკან გაწვევა, ჰონდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია
Aa
Aa

Honda ძრავის გაუმართაობის გამო მილიონზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს?

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) Honda-სა და Acura-ს მარკის 1.4 მილიონზე მეტ ავტომობილზე გამოძიება დაიწყო. სააგენტო ავტომწარმოებელს ძრავის გაუმართაობას ედავება და მომხმარებელთა საჩივრებზე მიუთითებს. გამოძიებამ შესაძლოა ახალი საწარმოო დეფექტი გამოავლინოს.

საქმე 3.5-ლიტრიან V6 ძრავებს ეხება და მოიცავს ისეთ მოდელებს, როგორებიცაა: 2018-2020 წლების Acura TLX, 2016-2020 წლების Acura MDX, 2016-2020 წლების Honda Pilot, 2018-2020 წლების Honda Odyssey და 2017-2019 წლების Honda Ridgeline.

ანგარიშის თანახმად, სააგენტოს შესაბამისმა განყოფილებამ გამოძიება 20 აგვისტოს დაიწყო. გამოძიების დაწყებამდე კი, Acura-ს მოდელების გაუმართაობის შესახებ 404, ხოლო Honda-ზე, 2 600-მდე შეტყობინება მიიღო. ამ დრომდე შეგროვებული მტკიცებულებებით, გაუმართაობებს მუხლა ლილვის საწარმოო დეფექტი იწვევს, თუმცა ეს ბოლომდე დამტკიცებული ჯერ არ არის.

პარალელურად, ავტომწარმოებელს მძღოლებიც უჩივიან. პრობლემა ამ შემთხვევაშიც ძრავის გაუმართაობაა. კერძოდ, მფლობელები 4-ცილინდრიანი ძრავების დეფექტზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ ძრავებში ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადები ბზარების გაჩენისკენაა მიდრეკილი. თუ ეს მოხდება, გამაგრილებელი სითხე დგუშებში დაგროვდება, ხოლო გამაგრილებელი სითხის ნაკლებობამ შეიძლება ძრავის გადახურება ან უკიდურეს შემთხვევაში აალება გამოიწვიოს.

ამ კონკრეტულ სარჩელში ხუთი მანქანა ფიგურირებს, ესენია: 2018-2022 წლების Honda Accord, 2016-2022 წლების Honda Civic, 2017-2022 წლების Honda CR-V, 2021-2022 წლების Acura RDX და 2019-2022 წლების Acura TLX.

ეს ნიშნავს, რომ მომდევნო თვეებში Honda შესაძლოა კიდევ ერთი მასშტაბური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს, რომელიც მილიონზე მეტ ავტომობილს მოიცავს. ამას ემატება ფაქტი, რომ ორ განსხვავებულ სარჩელში, სხვადასხვა მოდელების დეფექტებია ნახსენები, რაც ავტომწარმოებლისთვის პრობლემას უფრო მეტად ამძაფრებს. თუმცა ჯერ NHTSA-ს გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ.

 

მსგავსი სიახლეები