გიგანტური ფურგონი BMW-ის V12 ძრავით
90-იანი წლების იტალიური დიზაინი და გერმანული აგრეგატების ერთობლიობა ყოველთვის საშიში იარაღი იყო. ამ პერიოდის იტალიური დიზაინის ჯადოქრობები ყველა ავტომოყვარულს ახსოვს და სამწუხაროა, რომ დღეს იტალიელი დიზაინერების უმეტესობა ჩინურ ავტოწარმოებას ემსახურება. თუმცა გასული საუკუნის ბოლოს იტალიურმა დიზაინმა ისეთი პროტოტიპები შექმნა, მთელი მსოფლიო ჩინურ ავტომობილებზე რომც გადავიდეს, ისინი მაინც შეუდარებლები იქნებიან. დღევანდელი ჩვენი გმირი ყველასგან გამორჩეულია, რადგან BMW-ის ძრავას იყენებს და სამგზავრო ვენია. თქვენს წინაშე Italdesign Colombus-ია!
უბრალოდ წარმოიდგინეთ! 7-ადგილიანი სამგზავრო ფურგონი, რომელიც BMW-ის 12-ცილინდრიან და 5-ლიტრიან ძრავას იყენებს. ამ ავტომობილს 5-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს და 4x4-ზეა. მისი ძრავა რომელიც ძარის ცენტრშია განთავსებული 300 ცხენის ძალასა და 450 ნიუტონს გამოიმუშავებს.
Colombus-ის ძალიან ფუტურისტულია, მიუხედავად იმისა, რომ იგი 1992 წელს შეიქმნა, დღესაც კი მომავლიდან გამოგზავნილ კოსმოსურ ხომალდს ჰგავს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მძღოლი Mclaren F1-ის მსგავსად შუაში იყო მოთავსებული. კოსმოსური ხომალდი ტყუილად არ არის ნახსენები, რადგან Colombus-ის მძღოლის კაბინა უკეთესი მხედველობისთვის საკმაოდ ამაღლებულია. მოკლედ რომ ვთქვათ - მძღოლის კაბინა კი არა, მისაღები ოთახია! ავტომობილში მგზავრების სავარძლების ტრანსფორმირება თითქმის შეუზღუდავია, უფრო მეტიც, ეს სავარძლები ისე შეგიძლიათ გადაადგილოთ, რომ 9 მგზავრსაც კი მოათავსებთ.
მიუხედავად იმისა, რომ Colombus-ს 20-იანი საბურავები აქვს დამონტაჟებული, ისინი მაინც მცირე ზომისაა, რადგან ავტომობილია ძალიან დიდი - მისი სიგრძე 6 მეტრს აღწევს.
ამ გიგანტურ ავტომობილს Colombus-ი ცნობილი მეზღვაურის და მკვლევარის ქრისტეფორე კოლუმბის მიმართ პატივისცემის ნიშნად დაარქვეს - ადამიანმა, რომელმაც ამერიკა აღმოაჩინა.