როდის დასრულდება თბილისის შემოსასვლელთან ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა?
თბილისის შემოსასვლელთან მდინარე არაგვზე არსებული ხიდის გვერდით ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კმ-ზე არსებული არაგვის ხიდის გვერდით ახალი ხიდის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.
„მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის, ხიდის 4 ბურჯიდან, ფაქტობრივად, ვდასრულებულია 3 ბურჯის მშენებლობა, დამზადებულია მალის ნაშენი და სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ხიდი 1973 წელს არის აშენებული. ხიდის სავალი ნაწილი ხშირად ზიანდება, რის გამოც პერიოდულად უტარდება აღდგენითი სამუშაოები. ეს პროცესი დროებით ზღუდავს მოძრაობას ცენტრალურ მაგისტრალზე და დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას.
ხიდის გამოკვლევებით დადგინდა, რომ მხოლოდ ხიდის რეაბილიტაცია მისი სრული აღდგენისთვის საკმარისი არაა და საჭიროებს უფრო მასშტაბურ სამუშაოებს, რაც გამოიწვევს ხიდის ჩაკეტვას 1 წელზე მეტი პერიოდით. ცნობისთვის, პროექტის საორიენტაციო ღირებულება 20 მილიონი ლარია.
„რადგან ხიდს არ აქვს ალტერნატიული მარშრუტი და გადაადგილების ასეთი შეზღუდვა მნიშვნელოვან შეფერხებას შექმნის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, უმოკლეს ვადებში მომზადდა მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი და დაიწყო მშენებლობა. ახალი ხიდით სარგებლობას მოსახლეობა მომავალ წელს შეძლებს“,- წერია განცხადებაში.