აუქციონი, მოდიფიცირება, ლამბორგინი, ლამბორგინი ელემ002, ლამბორგინი ჩიტა, ლამბორგინი ელემ001
Aa
Aa

Countach-ის ძრავიანი Lambo, რომლის დამარცხებასაც ვერც ერთი თანამედროვე SUV ვერ შეძლებს

ათწლეულების წინ, მაშინ როდესაც თითქმის ყველა კომპანია საკუთარი წარმოების SUV-ის გაშვებას ჩქარობდა, Lamborghini ბაზარზე უკვე LM002-ით იყო წარმოდგენილი. 1980-იანების შუა წლების უხეში ფორმების მქონე ავტომობილმა, მალევე "რამბო-ლამბოს" მეტსახელიც დაიმსახურა. მიუხედავად მისი საინტერესო დიზაინისა, კომპანიამ, შვიდი წლის განმავლობაში, ამ მოდელის მხოლოდ 301 ეგზემპლარი აწარმოა.

იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად იშვიათად ვხედავთ ამ მოდელს, მართლაც გასაკვირია, რომ LM002 ამერიკაში გასაყიდად გამოვიდა. ამ კონკრეტულ მოდელს პასპორტიც მოჰყვება, რომლის თანახმადაც, მანქანა ჯერ გერმანიაში დარეგისტრირდა, შემდეგ კი ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდებში. აშშ-ში მისი იმპორტი მხოლოდ გასულ წელს განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი 1987 წლით თარიღდება, მას გასაკვირად დაბალი გარბენი, 20 000 კილომეტრი აქვს. ხელუხლებლადაა შენარჩუნებული ქარხნული ნაწილები, თავისი 17-ინჩიანი დისკებითა და Pirelli Scorpion BK-ის საბურავებით.

ამ LM002-ის ერთ-ერთი გამორჩუელი ნაწილი ალბათ ინტერიერია - მათ შორის წინა და უკანა სავარძლებზე მოპირკეთებული კრემისფერი ტყავით. იგივე ტყავი ცენტრალურ კონსოლზე, ხელსაწყოთა პანელსა და კარის პანელებზეც ვრცელდება. ამას კი, LM002-ის 5-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფის გადამრთველი ბერკეტიც ემატება.

LM002-ის ორი პროტოტიპი, Cheetah და LM001, V8 ძრავებით იყო აღჭურვილი, თუმცა საბოლოო წარმოების მოდელში Countach-ის 5.2-ლიტრიანი, ატმოსფერული V12 ძრავა ჩადგეს. ეს ძრავა, ქარხნული მონაცემებით 455 ცხენის ძალას და 500 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მძღოლს შეუძლია უკანა- და სრულძრავიანი რეჟიმები აირჩიოს.

რაც შეეხება ფასს: Lambo-ს ეს ლეგენდარული მოდელი Bring a Trailer-ის აუქციონის საშუალებით იყიდება და მისი ფასი $290 000-ს აღწევს. თუმცა აუქციონის დასრულებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი.

მსგავსი სიახლეები