ჩინეთი, საატომობილო ხიდი
Aa
Aa

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ჩინეთის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია გუიჭოუში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა. არსებული ინფორმაციით, ე.წ. „დაკიდული ხიდი“ ჰუაძიანგის დიდ კანიოს კვეთს და ხეობაში მგზავრობის დროს, დაახლოებით ორი საათიდან, რამდენიმე წუთამდე ამცირებს.

საინტერესოა, რომ გუიჭოუში, მსოფლიოს 100 ყველაზე მაღალი ხიდიდან თითქმის ნახევარი უკვე მდებარეობს. ხოლო უახლესი პროექტი ზღვის დონიდან 625 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული. ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც კონტინენტური ჩინეთის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, შანხაის კოშკი, და დაახლოებით 60 მეტრით მაღალია წინა რეკორდსმენ Duge-ის ხიდზე, რომელიც მისგან 200 კმ-ის დაშორებითაა.

ჰუაძიანგის დიდი კანიონი წარმოუდგენლად ღრმა და ვიწრო ხეობის გამო „დედამიწის ნაპრალის“ სახელითაა ცნობილი. გამომდინარე აქედან, ეს პროექტი მსოფლიოში ყველაზე გრძელი სამთო ხიდიც გახდება, რომლის საერთო სიგრძე 2 890 მეტრია, ხოლო ცენტრალური მონაკვეთის - 1 420 მეტრი. 

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიური მიმართულების გამომცემლობის თანახმად, ხიდი დაახლოებით 93 ფერმული სტრუქტურისგან შედგება, წონა კი დაახლოებით 22 000 ტონაა. ეს სამჯერ უფრო მეტია ვიდრე ეიფელის კოშკის წონა. აქვე აღსანიშნავია, რომ ვერტიკალური სიგრძით, ეს ხიდი ეიფელზე თითქმის ორჯერ მაღალია. 


ხიდი მდინარე ბეიპანზეა გადაჭიმული, რომელსაც მსოფლიოში ორი ყველაზე მაღალი ხიდი უკვე კვეთს. Highestbridges.com-ის ცნობით, გუიჭოუში 2030 წლისთვის 1 000-ზე მეტი ხიდი აშენდება, რომელთა სიმაღლე 100 მეტრს აღემატება. ცნობისთვის, მსოფლიოში 50 ყველაზე მაღალი ხიდიდან - რომელთა სიმაღლე 300 მეტრს აღემატება - ჩინეთის ფარგლებს გარეთ მხოლოდ სამი მდებარეობს.

ახალი ხიდი 152 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალის, Liuzhi-Anlong Expressway-ის პროექტის ნაწილია. პროექტის ღირებულება 300 მილიონზე მეტია, მშენებლობას კი, სამი წელი დასჭირდა. ახალი ხიდი თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის დრონებისა და სატელიტური ნავიგაციის გამოყენებით აშენდა. 

მსგავსი სიახლეები