ვისკონსინში თავზეხელაღებული მძღოლების შეჩერებას ტექნოლოგიით ეცდებიან
სიჩქარე ის არის, რაც ავტომობილის გამოგონების დღიდან საზოგადოებას ორად ყოფს — ზოგი მას ცხოვრების სტილად თვლის, ზოგისთვის კი ეს ზედმეტად სახიფათო გართობაა. ერთ რამეზე კი, ალბათ, უმრავლესობა თანხმდება: სიჩქარის გადაჭარბება იქ, სადაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, მისაღები არ არის. ახალმა ტექნოლოგიამ, შესაძლოა, ეს დავა გადაჭრას.
ვისკონსინის შტატში, შესაძლოა მიიღონ კანონი, რომელიც ზოგი მძღოლისათვის სიჩქარის გადაჭარბებას ფიზიკურად შეუძლებელს გახდის. ამ ტექნოლოგიას სიჩქარის ჭკვიანი ასისტენტი ეწოდება — ეს სისტემა დაახლოებით ისე მუშაობს, როგორც ტექნოლოგია ალკოტესტით, რომელიც მთვრალ მძღოლებს ავტომობილის დაქოქვის საშუალებას არ აძლევს.
თუ ვისკონსინში აღნიშნულ კანონპროექტს დაამტკიცებენ, სიჩქარის გადაჭარბების პრობლემის მქონე მძღოლებს მოუწევთ, ავტომობილში დაამონტაჟონ GPS მოწყობილობა, რომელიც არ მისცემს საშუალებას, რომ მანქანა ლიმიტზე მაღალი სიჩქარით გაატარონ. 
კანონპროექტის სამიზნეები „რეციდივისტები“ არიან
ინიციატივა მილუოკელმა დემოკრატებმა, რასელ გუდვინმა და კრის ლარსონმა წამოაყენეს — მათი აზრით, მძღოლებმა, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბების გამო ხუთწლიან მონაკვეთში ერთზე მეტჯერ დაჯარიმდნენ, აღნიშნული ტექნოლოგია უნდა გამოიყენონ.
რა თქმა უნდა, არ ითვლება ლიმიტისათვის ოდნავი გადაჭარბება — დამრღვევი მას, სულ მცირე, 30კმ/სთ-ით უნდა სცდებოდეს. მოწყობილობის ფასი 1700 დოლარია და ის თავად კანონდამრღვევმა უნდა შეიძინოს. მათთვის, ვინც სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, ტექნოლოგიას არ გამოიყენებენ, დამატებით 600 დოლარით დაჯარიმდებიან, ან ციხეში 6 თვემდე დროის გატარება მოუწევთ.
სკეპტიკოსების აზრი
ინიციატივას კრიტიკოსები მალევე გამოუჩნდნენ — რესპუბლიკელმა ბობ დონოვანმა მას კრეატიული, თუმცა უშედეგობისთვის განწირული უწოდა.
„მე ინოვაციების მომხრე ვარ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იდეა პრაქტიკაში ეფექტიანი იქნება“ — განაცხადა დონოვანმა.
მართლაც, ავტომობილის სახიფათო მართვა მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებას არ მოიცავს — ეს ფაზლის მხოლოდ ერთ-ერთი დეტალია. ვისკონსინში, როგორც ჩანს, თავზეხელაღებული მძღოლების საკითხს ყურადღებით ეკიდებიან: ცოტა ხნის წინ, შტატში მიიღეს კანონი, რომელიც პოლიციას უფლებას აძლევს, გადაიყვანოს საჯარიმო ავტოსადგომზე მანქანა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მძღოლისათვის სახიფათო მართვისთვის მიღებული პირველი ჯარიმაა.