რომის პაპის მიერ ხელმოწერილი BMW აუქციონზე ძალიან ძვირად გაიყიდა
მიმდინარე წლის მაისში არჩეულ რომის პაპს, ლეო XIV-ს, გავრცელებული ცნობების თანახმად, სისწრაფე და ავტომობილები ძალიან უყვარს. ამჯერად, მის მიერ სექტემბერში ხელმოწერილი მოტო BMW R18 Transcontinental სოთბის აუქციონზე საქველმოქმედო მიზნებისთვის გაიყიდა.
ამჯერად, მანქანების მიმართ თავისი სიყვარული კათოლიკური ეკლესიის ახლადარჩეულმა წინამძღოლმა მოტოციკლებსაც გაუნაწილა. პაპის გატაცების შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ვატიკანის კოლექციას ლეო XIV-მ ორი ახალი სრულად ელექტრო „პაპმობილი“ შემატა.
Motorrad Witzel-ის მიერ აწყობილი მარგალიტისფერი R18 პაპს ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გამართულ ღონისძიებაზე, სპეციალურად, ღირებულების გაზრდის მიზნით წარუდგინეს.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ახალმა მყიდველმა მასში 156000 ევრო გადაიხადა, რაც, დაახლოებით 130000-იანი მოგებაა.
„აუქციონზე პაპი ლეო XIV-ის მიერ ხელმოწერილი R18 Transcontinental-ის შედეგი ჩვენი საქველმოქმედო კამპანიის ბრწყინვალე დასკვნითი აკორდია. როგორც ყველა ჩართული პირი, მეც მოხარული ვარ, რომ მიღებული 130000-ევროიანი მოგებით შევძლებთ, მხარი დავუჭიროთ პროექტებს მადაგასკარელი ბავშვებისთვის", — განაცხადა BMW Motorrad-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკუს ფლაშმა.
თუ აქამდე არ იცოდით, BMW Motorrad გერმანული ბრენდის მოტოციკლების წარმოებაზე პასუხისმგებელი განყოფილებაა.
მოტოების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ BMW R18 Transcontinental შთამბეჭდავი მოდელია. როგორც ამას BMW-სგან მოელით ხოლმე, მისი 1802-კუბიანი ძრავა ძალიან მძლავრია და 91 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. ახლა კი, პირველად 2021 წელს გამოჩენილი ბაიკი პაპსაც შეხვდა!