HWA-მ 800 000$-იანი Mercedes EVO გაანადგურა | ახლა შეგიძლიათ ის უსაფრთხოდ მართოთ
გასულ წელს, HWA-მა საავტომობილო სამყაროს ლეგენდის, Mercedes-Benz 190E 2.5-16 EVO II-ის გათანამედროვებული ვერსია შემოგვთავაზა, რომელსაც HWA EVO უწოდა. დაახლოებით 800 000$-იანი ღირებულებით, ეს მოდელი არამხოლოდ საკულტო დიზაინის განსახიერება, არამედ სრულმასშტაბიანი პროექტის ნაწილია. სწორედ ისეთი სახის პროდუქცია, როგორსაც ნებისმიერი მსხვილი ავტომწარმოებლისგან ველოდებით.

გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილების მომხმარებლებზე გაყიდვა იგეგმება, ის ყველა საჭირო ეტაპსაც გადის იქამდე, სანამ საზოგადოებრივ გზებზე გამოჩნდება. ერთ-ერთი ასეთი ეტაპი კი უსაფრთხოების ტესტირებაა - ეს ნიშნავს, რომ ამ კარბონის კორპუსიანი ავტომობილებიდან ერთი უნდა გამოცადონ და დარწმუნდნენ, რომ ეს ავტომობილები მათი მძღოლებისთვის მართლაც უსაფრთხოა.

გერმანული საინჟინრო კომპანია სულ 100 ეგზემპლარის გაშვებას გეგმავს. როგორც გითხარით, მათგან ერთს ახლა TÜV Süd-ის 60 ინდივიდუალური ტესტირება ჩაუტარდა. უსაფრთხოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შეჯახების სერიებისთვის სატესტო მანქანა სპეციალურად მომზადდა.

EVO-მ ჩააბარა 50 კმ/სთ-ით შეჯახების ტესტი, ასევე აჩქარების ტესტები, სამუხრუჭე და გამონაბოლქვი სისტემები და დადგინდა, რომ ისინი რეგულაციებს შეესაბამებოდნენ. „EVO-ს დახვეწისა და განვითარებისთვის ჩვენ თანხები არ დაგვიზოგავს. ტესტირების ეს შთამბეჭდავი შედეგებიც ამის დამადასტურებელია“, - განაცხადა HWA-ს ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა, გორდიან ფონ შენინგმა.

ტესტირების წარმატებით ჩაბარების მიუხედავადაც, EVO მომხმარებლებისთვის გადასაცემად ჯერ მზად არაა. HWA აგრძელებს დინამიკურ ცდებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ნიურბურგრინგი, ზამთრის სესიები ჩრდილოეთ ევროპასა და ესპანეთის სამხრეთით. ცნობისთვის, კომპანიის განცხადებით, არსებული ასივე ეგზემპლარიდან უმრავლესობა გაყიდულია.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                        