აუქციონი, ფორმულა 1, სენა, აირტონ სენა, მაკლარენი
Aa
Aa

30 წლის შემდეგ McLaren ბრუნდება | ბოლიდი, რომელმაც სენას ბრაზილიური ოცნება აუხდინა

შემთხვევით ხომ არ გახსოვთ 1991 წლის ბრაზილიის გრან-პრი? და Formula 1-ის ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდის, აირტონ სენას მიერ მოპოვებული გამარჯვება? თუ F1-ის ნამდვილი გულშემატკივარი ხართ, მაშინ ეს რბოლაც ძალიან კარგად უნდა გახსოვდეთ. იმ დროს სენა უკვე ორგზის მსოფლიო ჩემპიონი იყო და მშობლიურ ქვეყანაში სუპერვარსკვავის სტატუსიც დამსახურებული ჰქონდა. თუმცა ბრაზილიის გრან-პრიზე კვლავ პირველი გამარჯვებისთვის იბრძოდა. 

თავიდან სენას ბოლიდს, McLaren MP4/6-ს გადაცემათა კოლოფის პრობლემები შეექმნა. თუმცა ბრაზილიელმა როგორღაც მოახერხა 3.5-ლიტრიანი V12-ის დამორჩილება და ნანატრი გამარჯვებაც დაისაკუთრა.

ეს MP4/6 ამ მოდელის ერთ-ერთი პირველი ეგზემპლარია და მას სენა, ჟერარდ ბერგერთან ერთად, 1991 წლის თებერვალში, Estoril-ზე საცდელი რბოლებისთვის იყენებდა. რეალურად, ბრაზილიის გრან-პრი მისთვის ერთადერთი საჩემპიონო რბოლა აღმოჩნდა, რადგან ამ სეზონში სენასა და McLaren-ის გამარჯვების შემდეგ, ამ მოდელმაც ავტომწარმოებლის სათავო ოფისში გადაინაცვლა - თანაც 30 წლით.

აღსანიშნავია, რომ მოდელი შასით MP4/6-1 2020 წელს გაიყიდა. ადამიანი კი, რომელმაც ის შეიძინა ახლა მასთან გამოსამშვიდობებლად ემზადება. RM Sotheby's დახურულ აუქციონს 8-დან 11 დეკემბრამდე გამართავს. აუქციონის სახლის ვარაუდით, სენას ბოლიდის ღირებულება 9-დან 11.5 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე მიაღწევს - ეს დაახლოებით 13 მილიონი ევროს ეკვივალენტია.

სენას გამარჯვებულ ბოლიდს McLaren-ის ავთენტურობის სერტიფიკატი და „ყველა საჭირო მოწყობილობა“ მოჰყვება - მათ შორის გარე სტარტერი, დისტანციური მართვის პანელი, საწვავის დამტენი და ძრავის წინასწარი გამათბობელი. როგორც აუქციონის ვებგვერდზეა მითითებული, 2020 წელს გაყიდვამდე ავტომობილი „McLaren Heritage-ის მიერ ექსპლუატაციაში შევიდა და რბოლისთვის მზა მდგომარეობაშიც იყო“. გარდა ამისა, მანქანა გაყიდვამდეც ყველა აუცილებელ პროცედურას გაივლის და შემოწმდება.

ასე, რომ თუ გსურთ Formula 1-ის გამარჯვების გემო თქვენც გაიგოთ და თან წარმოუდგენელი V12 ძრავისა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის გემოც გაიგოთ, სჯობს თუ ფულის დაზოგვას დღეიდან დაიწყებთ.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები