EV, ელექტრომობილები, კიბერუსაფრთხოება, Yutong, ჩინური, ავტობუსები, დანია
Aa
Aa

ნორვეგიას დანიაც მიჰბაძავს — ჩინური საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა

ნორვეგიის დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ცოტა ხნის წინ სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა — ქვეყნის კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ორგანოებმა აღმოაჩინეს, რომ ჩინეთიდან ნაყიდი Yutong-ის ელექტრო ავტობუსები, მიუხედავად მათი ეფექტიანობისა და კომფორტისა, საფრთხეებს შეიცავენ — პოტენციურად, ჩინურ მწარმოებელს ავტობუსების მწყობრიდან გამოყვანა დისტანციურადაც შეუძლია. 

ასევე იხილეთ: ჩინეთში წარმოებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი — გამოწვევა ნორვეგიის კიბერუსაფრთხოებისთვის

ამ შემაშფოთებელ აღმოჩენას მსუსხავი ეფექტი ჰქონდა დანიაზეც, რომლის ქუჩებშიც, ანალოგიურად, ასობით ჩინური ელექტრო ავტობუსი დაიარება. 

ნორვეგიის შემთხვევაში, კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ამ პრობლემის გამოსწორებაზე და ავტობუსებზე სრული კონტროლის დამყარებაზე მუშაობენ. როგორც ჩანს, ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამენ დანიელებიც.

Movia-მ, დანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისის უდიდესმა საჯარო მომწოდებელმა ცოტა ხნის წინ Yutong-ისგან 262 ავტობუსი შეიძინა. 

The Guardian-მა დანიური კომპანიის აღმასრულებლის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამბობს, რომ ეს საფრთხე არამხოლოდ ჩინური ავტობუსებისგან, არამედ ნებისმიერი ელექტრომობილისგან მოდის. გამოცემას Yutong-ის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ კომპანია ყველა წესს, რეგულაციასა და ინდუსტრიის სტანდარტს მკაცრად იცავს.

 

„მონაცემებს მხოლოდ ტრანსპორტის მომსახურებისთვის, ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესებისთვის ვიყენებთ. სპეციალური ავტორიზაციის გარეშე, პერსონალური მონაცემებზე დაშვებას ვერავინ მიიღებს",— განაცხადეს ჩინურ კომპანიაში.

დანიის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (Samsik) განცხადებით, ჯერჯერობით არ ყოფილა დაფიქსირებული შემთხვევა, როცა ელექტრომობილზე საზღვარგარეთიდან ვინმემ დისტანციური დაშვება მიიღო, თუმცა ისეთი მოწყობილობები, როგორებიც სენსორები, კამერები და მიკროფონებია, კიბერუსაფრთხოების რისკს ნამდვილად შეიცავენ.

ამასთან ერთად, სახსენებელია ისიც, რომ ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლები ევროპაში თანდათან უფრო და უფრო დიდ პოპულარობას აღწევენ და ეს მხოლოდ მზარდი ტრენდია. ცოტა ხნის წინ, BYD კონტინენტზე ყველაზე გაყიდვადი ბრენდი გახდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები