Pagani-ს 30-მილიონიანი პენტჰაუსის მყიდველი საჩუქრად უიშვიათეს ჰიპერქარს მიიღებს
როგორც მოგეხსენებათ, ახალი ამბავი არ არის, რომ ძვირადღირებული ავტომანქანების მწარმოებლები ხშირად უძრავი ქონების ბიზნესშიც არიან ჩაბმული — ერთ-ერთი კარგი მაგალითი მასერატია, რომელიც სუპერქარებს ძველებურად კარგად ვეღარ ყიდის, თუმცა ძვირადღირებული სახლების გასაღება ნამდვილად გამოსდის. ამჯერად კი Pagani-ს შეთავაზებაზე უნდა გესაუბროთ.
Pagani Residences ფლორიდაში ორ ძვირადღირებულ პენტჰაუსს ყიდის, რომელთა ღირებულებაც 28.5-დან 30 მილიონ დოლარამდე მერყეობს. 

ორი პენტჰაუსი, რომელთაგანაც თითოეული არქიტექტურული ინოვაციებისა და იტალიური დახვეწილობის ნაზავია, მაღალსართულიანი კორპუსის 28-ე და 29-ე სართულებზე მდებარეობს. პირადი ლიფტი, 1100 კვადატული მეტრის ფართობის ორსართულიანი, მდიდრული აპარტამენტი, გიგანტური ტერასები, რომლებიც ბისკეინის ყურეს გადაჰყურებს...
თუმცა ეს ყველაფერი არ არის — პენტჰაუსების მყიდველი მიიღებს ჰიპერქარს, რომელსაც უბრალოდ ფულით ვერ იყიდის — ეს უიშვიათესი Pagani Utopia Roadster Miami Edition-ია. პერსონალურად ჰორაციო პაგანის დიზაინით შექმნილი მანქანა, რომლის ლურჯი ექსტერიერიც ფლორიდის უკიდეგანო სანაპიროთი და ცითაა ინსპირირებული.
გარდა ექსკლუზიური მანქანისა, პენტჰაუსის მყიდველებს კერძო თვითმფრინავი იტალიაში, მოდენაში წაიყვანს, სადაც პაგანის მუზეუმსა და ატელიეში პერსონალურ მიღებას მოუწყობენ — რა თქმა უნდა, მათ თავად ერთადერთი და განუმეორებელი ჰორაციო პაგანი შეხვდება.
რამდენად ირონიულიც არ უნდა იყოს, პერსონალური ავტოსადგომის მისაღებად პენტჰაუსის მყიდველებს 30 მილიონი დოლარისთვის კიდევ გარკვეული თანხის დამატება მოუწევთ.