შვედური კვლევა აჩვენებს, რომ EV ბატარეა იმაზე ბევრად გამძლეა, ვიდრე გვეგონა
შვედეთში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ გადაჭარბებულია მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტრომობილების ბატარეები მალე დეგრადირდებიან და წლების განმავლობაში მათი ტევადობა მნიშვნელოვნად იკლებს.
Kvdbil-ის მკვლევრებმა მეორეული ავტომობილების ბაზრობაზე 1300-ზე მეტი ელექტრომობილის ბატარეა შეისწავლეს, რის შედეგადაც აღმოაჩინეს, რომ მათმა უმრავლესობამ ბატარეის თავდაპირველი „სიცოცხლის" უდიდესი ნაწილის შენარჩუნება შეძლო. 
მიღებული სტატისტიკის მიხედვით, ყოველი გამოკვლეული 10 ელექტრომობილიდან 8-ის შემთხვევაში ბატარეის თავდაპირველი ტევადობის 90%-ზე მეტი იყო შენარჩუნებული, რაც ყველა მოლოდინს აჭარბებს.
საუკეთესო შედეგები Kia EV6-მა, Kia E-Niro-მ და Tesla Model Y-მა აჩვენეს. ელექტრომობილებით დაინტერესებულ მძღოლების ახლა უკვე შეუძლიათ, აღარ იდარდონ ბატარეის დეგრადაციაზე და მუხტის უეცარ კარგვაზე. 

„ავტომობილის ბატარეის დეგრადაცია, განვითარებული ტექნოლოგიებისა და ჭკვიანური დიზაინის, მათ შორის ბატარეის უჯრედების გაგრილების დამსახურებით, იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ამას ველოდით — მითია, რომ ბატარეები დიდ ხანს ვერ ძლებენ", — განაცხადა Kvdbil-ის ცდების მენეჯერმა, მარტინ რაინოლდსონმა.
გამძლე ბატარეები კარგი ამბავია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც გარემოზე ზრუნავენ — ეს, ნაკლები ემისიის გარდა, ნიშნავს იმასაც, რომ ნაგავსაყრელებზე, შესაბამისად, ნიადაგში ბევრად ნაკლები ბატარეა მოხვდება. შემცირდება იმ მინერალების მოპოვებაც, რომლებიც აღნიშნული ბატარეების შესაქმნელად გამოიყენება.
ამიტომ, თუ აქამდე გეგონათ, რომ თქვენი ელექტრომობილის ბატარეა, სმარტფონის ბატარეასავით, 2 წელიწადში მოკვდებოდა, როგორც ჩანს, ცდებოდით...