საავტომობილო გზები, თბილისი, გზების მშენებლობა, კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი
Aa
Aa

თბილისიდან თელავში ჩასვლა 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი

კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განვითარება საგარეჯო-ბადიაურის გზით გრძელდება. როგორც ოფიციალური ვიდეოდან ვიგებთ, გზის 17-კილომეტრიან მონაკვეთზე უკვე დასრულებულია ვერტიკალური სადრენაჟე სისტემებისა და გზის საფუძვლის გამაგრების სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში ოთხი ხიდი, რვა გზაგამტარი და 86 წყალგამტარი მილი აშენდება. ამასთან ერთად კი, სოფელ ბადიაურთან ახალი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა. „საგრძნობლად განახლდება ახალი სატრანსპორტო ქსელიც, რომელიც მთავარ მაგისტრალს დაუკავშირდება. მონაკვეთი სოფლებს, თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს გვერდს აუვლის. ახალი გზით მგზავრობის დრო 15 წუთის ნაცვლად მხოლოდ 10 წუთი გახდება და მანძილი 2 კილომეტრით შემცირდება.

პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში გადაადგილებას და მთლიანად ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განახლებას შეუწყობს ხელს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

კახეთის მაგისტრალის მშენებლობის სრულად დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავში ჩასვლა 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი. ცნობისთვის, კახეთის ოთხზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის საერთო ჯამში ბაკურციხემდე 85 კილომეტრიანი გზის მშენებლობა იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთით მოსახლეობა უკვე სარგებლობს. ახალ 35-კილომეტრიან მონაკვეთზე აშენდა ასფალტ-ბეტონისა და ცემენტ-ბეტონის 4-ზოლიანი გზა. 46 საავტომობილო, 4 სარკინიგზო და 1 სამელიორაციო ხიდი. მოეწყო 8 მიწისქვეშა გადასასვლელი, 148 წყალგამტარი და 19 სამელიორაციო მილი. მაგისტრალი გვერდს უვლის 4 მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს: ვაზიანს, სართიჭალას, ნინოწმინდას საგარეჯოს.

 

მსგავსი სიახლეები