აშშ, Hyundai, ელექტრომობილები, რობოტაქსი, თვითმართვადი ავტომობილები, ჰიუნდაი აიონიქ 5, Hyundai Ioniq 5, Waymo
Aa
Aa

Waymo-ს რობოტაქსები ამიერიდან საქალაქთაშორისო მაგისტრალებზეც იმოძრავებენ

როგორც ჩანს, უახლეს მომავალში აშშ-ის ქუჩებში სრულად ავტონომიური, უმძღოლო ავტომობილების გამოჩენა ჩვეულებრივ ამბად იქცევა და Waymo-ს სერვისს ბევრად მეტი ადამიანი მიმართავს. 

კომპანიამ განაცხადა, რომ თავის ავტონომიურ მანქანებს სამი დიდი მეტროპოლიტენის ავტომაგისტრალებზე გაიყვანს. ეს Waymo-ს რობოტაქსების პროგრამისათვის დიდი ნახტომი იქნება, რადგან აქამდე მის მოდელებს მხოლოდ საქალაქო, დაბალსიჩქარიან გზებზე ვხედავდით.

კომპანია ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რამდენი ავტონომიური მანქანა გაეშვება პროგრამის პირველ ეტაპზე საქალაქთაშორისო მაგისტრალებზე — ახალი სერვისი, ძირითადად, იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც აეროპორტისკენ მიემგზავრებიან, თუმცა, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ისარგებლონ იმ პირებმაც, რომლებსაც საჭესთან დროის კარგვა არ სურთ და ურჩევნიათ, გამოთავისუფლებული დრო მუშაობას დაუთმონ. 

აღნიშნული სიახლით სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესისა და ფენიქსის მკვიდრები და ვიზიტორები ისარგებლებენ. შესაბამისად, ავტონომიური ტაქსის მომსახურება დაფარავს მთლიან კალიფორნიის ნახევარკუნძულს და მიაღწევს სან-ხოსეს საერთაშორისო აეროპორტს.

რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სპონტანური არ არის — მას წინ წლების განმავლობაში ჩატარებული ცდები უძღოდა. შეიძლება იმის თამამად თქმაც, რომ Waymo-ს ძალისხმევა ფასდება — სან-ფრანცისკოში თვითმართვადი ტაქსებით გასეირნება უკვე თითქმის ტურისტული ატრაქციონია. 

ვეიმოში დარწმუნებულები არიან, რომ მათ რობოტაქსებს ყველაფერთან გამკლავება შეუძლიათ — მათ შორის იმ მძღოლების გადაადგილებასთანაც, რომლებიც თვლიან, რომ მოხვევის ციმციმების ანთება მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და სავალდებულო არ არის. 

Waymo-ს „ფლოტი“ იზრდება 

კომპანიამ დაადასტურა ისიც, რომ მსგავსი პროგრამა მალე ოსტინში, ატლანტაში და სხვა არაერთ დიდ ქალაქში გაეშვება. ასევე, საქალაქო გზებზე რობოტაქსების მომსახურებით სარგებლობა მომავალი წლიდან სან-დიეგოს, დეტროიტისა და ლას-ვეგასის მკვიდრებს შეეძლებათ.

შესაბამისად, მალე Alphabet-ის შვილობილი კომპანიის ტექნოლოგია არათუ წერტილოვანი „ატრაქციონი“, არამედ მთელ ქვეყანას მოდებული ქსელი იქნება. 

მეტიც, კომპანია მოძველებულ ტაქსებს 2026 წელს უახლესი Hyundai Ioniq 5EV-ებით ჩაანაცვლებს. ვინ იცის, იქნებ მძღოლის გარეშე ტაქსით თბილისში გადაადგილება არც ისე შორეული მომავალია...

მსგავსი სიახლეები