BMW, BMW M3, ბეემვე, BMW M340i 50 Jahre Edition
Aa
Aa

როგორი იქნება BMW M340i 50 Jahre Edition

BMW-მ ექსკლუზიურად კანადისა და აშშ-ის ბაზრებისთვის BMW M340i 50 Jahre Edition დააანონსა. M3-ის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებული მოდელი ერთი კონფიგურაციით გამოვა და 75200 დოლარი ეღირება.

მართალია, კონფიგურაცია ერთი იქნება, თუმცა მყიდველს შეეძლება, არჩევანი რამდენიმე  დიზაინს შორის გააკეთოს. პირველი E21 3-Series-ისთვის მიძღვნილი ვარიანტია, რომელიც Ruby Red Metallic ფერად იქნება შეღებილი, ინტერიერი სპილოსძვლისფერი ექნება, ხოლო მუხრუჭის სუპორტები წითელ ფერში იქნება გადაწყვეტილი.

მეორე დიზაინის ინსპირაცია E30-ია და, შესაბამისად, მისი მყიდველი მეტალიზებული მწვანე ექსტერიერის ავტომობილს მიიღებს Tartufo ინტერიერითა და ლურჯი სუპორტებით. მესამე, E46-ის პატივსაცემი დიზაინი ყვეეელაზე შავია — შავია როგორც მისი ინტერიერი, ისე ექსტერიერი, ხოლო სუპორტები — წითელი.

50 Jahre Edition-ს M Performance-ის სპოილერი და საბარგულის თავზე სამახსოვრო ემბლება ექნება. M Performance იქნება ნამუშევარი აირების გამოშვების სისტემა, Shadowline-ის უკანა გამოსაბოლქვი მილი და M-ის 19-დუიმიანი დისკები. 

ინტერიერში შევხვდებით Harman Kardon-ის აუდიო სისტემას. ასევე, პირველად აშშ-ის ბაზრისთვის, Merino-ს ტყავით გაფორმებულ სალონს.

რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, საიუბილეო მოდელის ძალური აგრეგატი სტანდარტული იქნება, როგორც ყველა M340i-ის — 3-ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავა, 48-ვოლტიანი „მაილდ ჰიბრიდით“, რომელიც 386 ცხენის ძალასა და 540 ნიუტონ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.


8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის დახმარებით, რომელიც სიმძლავრეს ოთხივე ბორბალს გადასცემს, 100 კმ/სთ სიჩქარეს 50 Jahre Edition 4.1 წამში განავითარებს.

BMW-ში აცხადებენ, რომ შეკვეთების მიღება უკვე დაიწყეს და წარმოებაც დაწყებულია — პირველი მომხმარებლები ავტომობილს 2026 წლის დასაწყისში მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები