Honda პროგრამული ხარვეზის გამო, 2023-2025 წლების 250 000 Accord-ს გაიწვევს
სიმძლავრის მოულოდნელი კარგვა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის რისკს ზრდის — სამწუხაროდ, ეს „სიმპტომია“, რომელიც Honda-ს 250000 მფლობელის ავტომობილმა შეიძლება განიცადოს.
მანქანა, რომელზეც ვსაუბრობთ, არც მეტი, არც ნაკლები, Honda Accord-ია, რომელიც იაპონური ავტომწარმოებლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია.
აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, საფრთხე, პოტენციურად, 2023-2025 წლების 256603 Honda Accord-ს ემუქრება.
აღნიშნული პრობლემის შესახებ იაპონური კომპანიისთვის 2024 წლის მარტში გახდა ცნობილი. ავტომწარმოებელმა გამოძიებას რამდენიმე თვე დაუთმო და საბოლოოდ დაასკვნა, რომ „მართვის მოდულის ცენტრალური პროცესორის შეუსაბამობების მონიტორინგის პროგრამის შემუშავებისას, მომწოდებელმა სრულად ვერ გაიგო კომპონენტის სპეციფიკაციები“ — დეტალურად ასახსნელად, ცოტა კომპლექსური და ბუნდოვანია, თუმცა, მარტივად თუ ვიტყვით, ხარვეზიანი პროგრამა შიდა კომუნიკაციის ხარვეზებს ცენტრალური პროცესორის შეუსაბამობებად აღიქვამდა.
სავარაუდოდ, აღნიშნული პრობლემა გაწვეული ავტომობილების მხოლოდ 0.3%-ს ექნება, თუმცა Honda-მ 832 განცხადება ამასთან დაკავშირებით უკვე მიიღო (დაააა 256603-ის 0.3% 770-ია) — კარგი ის არის, რომ არც ერთ საჩივარში ავარიასა და ადამიანების დაზიანებაზე საუბარი არ არის. 
პრობლემის გადასაჭრელად, გაწვეული ავტომობილის მძღოლებს შეუძლიათ, მანქანა ოფიციალურ სერვის-ცენტრში მიიყვანონ, სადაც მათ აკორდს ხელახლა, სრულად უფასოდ, დააპროგრამებენ. შესაბამისი შეტყობინებები მძღოლებს 2026 წლის დასაწყისიდან გაეგზავნებათ.