FBI-მ რეიდისას ნარკობარონის სახლში 13 000 000 დოლარიანი მერსედესი იპოვა
ცოტა ხნის წინ FBI-მ ერთ-ერთი „რუტინული“ რეიდისას ნარკობარონის სახლში 13 000 000$-იანი Mercedes CLK-GTR აღმოაჩინა. ამან ეს შემთხვევა ფედერალური ბიუროს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ რეიდად აქცია.
შემთხვევა ლოს-ანჯელესში მოხდა. FBI-ის პოსტში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელთან ბრძოლის მიმართულებით წარმატებული რეიდები განხორციელდა. პერსონა, რომლის სახლშიც მერსედესი იპოვეს კანადელი რაიან ვედინგია — ის ახლა ძებნილი ნარკობარონია, თუმცა წარსულში ცნობილი სნოუბორდისტი იყო. ვედინგი კანადის სახელით 2002 წელს სოლტ-ლეიკ-სიტიში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც გამოდიოდა, თუმცა ამჟამად აშშ-ის ფედერალური ბიუროს TOP 10 ძებნილს შორის საპატიო ადგილს იკავებს. 
მიხვდებოდით, რომ საუბარი უბრალო მერსედეს CLK-ზე არ არის. ეს 2000-იანი წლების ლეგენდარული გერმანული ჰიპერქარია, რომელიც 2002 წელს გამოვიდა და ძვირადღირებული ავტომობილების მოყვარულთა შორის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და სანუკვარ მოდელად რჩება. მისი პროტოტიპი 1997 წლის GIA GT Championship-ისთვის შეიქმნა და ეს მანქანა სხვა არაფერია, თუ არა ბორბლებიანი მონსტრი. 
6.9-ლიტრიანი V12 ძრავა, რომელიც AMG-ის მიერაა შექმნილი, არაადამიანურად ხმაურიანია და ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე 3.8 წამში აჩქარებს. მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ-ს შეადგენს, რაც დღემდე ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია. გასაოცარია ისიც, რომ ნარკობარონის სახლიდან ამოღებული ჰიპერქარი უიშვიათესია — მერსედესმა სულ 28 ერთეული CLK-GTR აწარმოა, თუმცა ამ 28-ს შორისაც როდსტერად მხოლოდ 6-ია შექმნილი. შესაბამისად, ამ კონკრეტული მოდელის მსგავსი მთელ მსოფლიოში მხოლოდ 5-ია.