ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით ავტობუსის ზოლი მოეწყობა
თბილისში, ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი მოეწყობა. ამასთან ერთად კი, საფეხმავლო გადაადგილებისთვის შესაბამისი კუნძულები განთავსდება და ზებრა გადასასვლელები. ცნობისთვის, ავტობუსის ზოლის გამოყოფის მიუხედავად, სამანქანე ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩება - გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნებით და შუქნიშნებით.
ოფიციალური განცხადების თანახმად, სამუშაოები დღეს ღამე დაიწყება, თუმცა აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობის ინტენსივობიდან გამომდინარე, საავტომობილო მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა 28 ნოემბრის 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე პერიოდში, ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.
ამ პერიოდში, სავალი ნაწილის სამოძრაო ზოლები დროებით შევიწროვდება, ხოლო ორი კვირის მანძილზე ღამის საათებში გიორგი სააკაძის მოედნის, გიორგი სააკაძის დაღმართისა და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარკვეულ მონაკვეთებში საავტომობილო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება.
პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ერთობლივად განახორციელებენ.