Hyundai, ელექტრომობილები, ჰიუნდაი, ჰიუნდაი აიონიქ 5, Hyundai Ioniq 5
Aa
Aa

სალონში 1 ბოთლი წყლის ჩაღვრა Ioniq 5-ის მძღოლს 12000$ დაუჯდა

მძღოლების უმრავლესობა, სავარაუდოდ, თვლის, რომ ავტომობილში წყლის ჩაღვრა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, უბრალოდ დისკომფორტს შეიძლება იწვევდეს. სავარაუდოდ, არ ელოდებით, რომ შედეგად, არც მეტი, არც ნაკლები, 12000$-ის დახარჯვა მოგიწევთ — თუმცა ეს სწორედ ის არის, რაც Hyundai-ს მძღოლს გადახდა. 

მაიკ მაკკორმიკი, ერთ მშვენიერ დღეს, ფლორიდაში, გზატკეცილზე გადაადგილდებოდა, როცა წინ შექმნილმა საავარიო ვითარებამ მკვეთრად დამუხრუჭება აიძულა — ამან სალონში მდებარე ჭიქების დამჭერიდან წყლის ბოთლის ამოვარდნა და ავტომობილის იატაკზე დავარდნა გამოიწვია. ბოთლიდან გადმოღვრილმა სითხემ, მძღოლის მტკიცებით, რაღაც გზით ელექტროგაყვანილობის კოლექტორამდე მიაღწია და იქ სრული ქაოსი დაატრიალა.

სულ რამდენიმე წუთში, მაკკორმიკმა შენიშნა, რომ ხელსაწყოთა პანელზე არაერთი გამაფრთხილებელი სიგნალი აინთო, ხოლო როცა სახლში მიაღწია, ავტომობილი უბრალოდ ვერ ჩააქრო. 

როგორ იქცა ერთი ბოთლი გიგანტურ ხარჯად

ადგილობრივ სერვის ცენტრში შემოწმების შემდეგ, Hyundai-ს დილერმა მძღოლს განუცხადა, რომ შესაცვლელი იყო როგორც იატაკის ქვეშ, ისე მძღოლის სავარძლის ქვეშ არსებული კაბელების კოლექტორები, მათში გამავალი თითოეული კაბელით, რაც ჯამურად 11882 დოლარი დაჯდებოდა. 

გარდა ამისა, მაკკორმიკს განუცხადეს, რომ დაზიანება „გარე ფაქტორმა“ გამოიწვია და არა ქარხნულმა წუნმა, რაც ნიშნავს, რომ ხარჯები სრულად მან უნდა გაიღოს — კომპანია ერთი ცენტის გადახდასაც არ აპირებს. 


Ioniq 5-ის მძღოლი გააწბილა დაზღვევამაც, რომელმაც განუცხადა, რომ დაზიანება, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში აკუმულირებულმა პრობლემამ გამოიწვია და არა უბრალოდ ერთი ბოთლი წყლის დაღვრამ, ამიტომ, სრული ფინანსური წნეხი მას დააწვა. 

ეს მე-2 შემთხვევაა, როცა სითხემ Ioniq-ის კაბელები გაანადგურა, თუმცა შედეგი ამ შემთხვევაშიც, ანალოგიური იყო — დაზღვევამ და დილერმა პირველი მძღოლიც კომპენსაციის გარეშე დატოვეს. თუ ასეთი შემთხვევები უფრო გახშირდება და Hyundai-ის წინააღმდეგ სარჩელებიც გამოჩნდება, შესაძლოა, უკან გაწვევებიც ვიხილოთ, თუმცა ამ ეტაპზე, დაჩაგრულები მხოლოდ ელექტრომობილების მძღოლები რჩებიან. 

მსგავსი სიახლეები