ძრავა, უკან გაწვევა, ჰონდა, ჯენერალ მოტორსი, ტოიოტა, სტელანტისი
Aa
Aa

რა გახდა წელს მილიონობით ძრავის უკან გაწვევის რეალური მიზეზი?

მიმდინარე წელს, სხვადასხვა ავტომწარმოებლების მიერ, ავტომობილების უკან გაწვევის არაერთი რაუნდი ვიხილეთ. არსებული და შესაძლო დეფექტები, რომელთა შესამოწმებლადაც მანქანების უკან გაწვევა გახდა საჭირო, მოიცავს თითქმის ყველაფერს — კარის სახელურებიდან დაწყებული, ძრავის პრობლემებით დასრულებული.

მაგალითად, General Motors-მა 721 000 ერთეული 6.2-ლიტრიანი V8 ძრავა გაიწვია. Toyota-მ 102 000-ზე მეტი V6, Honda-მ თითქმის 250 000 ერთეული V6 , ხოლო Stellantis-ს 112 000 ერთეულზე მეტ 4-ცილინდრიან ტურბოძრავის პრობლემებთან უწევს გამკლავება.

ამ ეტაპისთვის, ხუთი სხვადასხვა ავტომწარმოებლის ხუთ მილიონზე მეტი ძრავაა უკან გაწვეული, ან შტატებში ფედერალურ შემოწმებას ექვემდებარება. თუმცა ყველა ეს შემთხვევა და სხვა მსგავსი მაგალითები, Automotive News-ის ცნობით, ერთსა და იმავე ძირითად კომბინაციას უკავშირდება

ძრავის მოცულობის შემცირებაზე ავტომწარმოებლებმა ათწლეულები დახარჯეს. მცირე ზომის ძრავები, როგორც წესი, ნაკლებ საწვავს მოიხმარენ. მათ სარგებლიანობის გასაზრდელად კი, ავტომწარმოებლები თერმული ეფექტიანობის მაქსიმიზაციაზე მუშაობენ.

თუმცა თანამედროვე ძრავებში, რომლებიც ერთდროულად მძლავრი და საწვავეფექტიანიც უნდა იყოს, ამ ბალანსის დაცვა ძალიან რთულია. მათი სწორად მუშაობის ერთადერთი გზაა დაბალი წონის, ულტრათხელი ძრავის ზეთი, როგორიცაა 0W-16 ან 0W-20. ეს ზეთები წინააღმდეგობას და ხახუნს ამცირებენ, ამავდროულად კი, ავტომწარმოებლებს საწვავის ეკონომიის მიზნების მიღწევაში ეხმარებიან.

დღევანდელი ძრავები შიგნიდან უკიდურესად ვიწრო სივრცეებით არის აგებული. თხელი ზეთი ერთადერთი სახეობაა, რომელსაც მსგავს ნაპრალებში გასვლას შეძლებს. თუმცა ეს პრობლემას ქმნის: ნაწილებს შორის სივრცე იმდენად პატარაა, რომ წარმოების მცირე ნარჩენებსაც კი შეუძლიათ ძრავის სერიოზული დაზიანება.

ძველ ძრავებს შიგნით მეტი ადგილი ჰქონდათ, ამიტომ წარმოების პატარა შეცდომები, როგორც წესი პრობლემებს არ ქმნიდა. ხოლო თანამედროვე ძრავებს შეცდომის დაშვების ეს ზღვარი არ აქვთ, სწორედ ამიტომ, მცირე შეცდომაც კი, პრობლემას წარმოქმნის და უკან გაწვევის რაოდენობათა მკვეთრ ზრდაშიც გამოიხატება.

თანამედროვე ძრავები, უდავოდ, ინჟინერიის მიღწევაა. სწორად აწყობის შემთხვევაში, ისინი უკეთეს მუშაობას გვთავაზობენ, ვიდრე ძველი დიზაინები. მაგრამ პრობლემაც ამაშია. მათი სწორად დაპროექტება და აწყობა გამოწვევაა, თუნდაც მსოფლიოს საუკეთესო ავტომწარმოებლებისთვის.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები