ელექტროენერგიის გათიშვის დროს რობოტაქსები შუა გზაში გაჩერდნენ | Tesla-ს პასუხი
ამერიკის შეერთებულ შტატებში, რობოტაქსების რბოლაში Waymo უპირობო ლიდერი გახდა — როგორც ამბობენ, ის შედარებით უსაფრთხოა და თან, ქვეყნის მასშტაბითაც წარმატებით და სწრაფად დაინერგა. თუმცა პირველობა, რომ უნაკლოს არ ნიშნავს ეს არავისთვის არაა ახალი და თან მაშინ, როდესაც საქმე მსგავსად თანამედროვე და შეიძლება ითქვას, ჯერ „დახვეწის პროცესში“ მყოფ ტექნოლოგიას ეხება.
გამოწვევები, რომლებსაც მსგავსი ტიპის ავტომობილები აწყდებიან ძირითადად იმ სახისაა, როგორებსაც მძღოლები, ყოველდღიურად, ძალიან მარტივად უმკლავდებიან. ამის უახლესი მაგალითი კი, სან-ფრანცისკოში, ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვის დროს ვიხილეთ.
???????? SAN FRAN BLACKOUT – WAYMO FROZE, TESLA DROVE
— Mario Nawfal (@MarioNawfal) December 21, 2025
Waymo’s robotaxis got a little too real last night - by completely shutting down when San Francisco’s power outage knocked out traffic lights.
Meanwhile, Teslas on FSD? Kept rolling. No drama, no headlines - just handling chaos… pic.twitter.com/8FinYpAOcB
შაბათს შუადღისას, Pacific Gas and Electric-ის ქვესადგურში ხანძრის შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება 130 000-მდე მომხმარებელს გაეთიშა. შუქნიშნები ჩაქრა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა და საცობები შეიქმნა. სწორედ აქ დაიწყო Waymo-ს პრობლემებიც.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ რამდენიმე ავტონომიური ტაქსი, დიდი ხნის განმავლობაში, საცობებში იყო გაჩერებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ რამდენიმე რობოტაქსი შენიშნეს, რომლებიც უბრალოდ „ქუჩის შუაგულში“ ჩერდებოდნენ.

Waymo-ს განცხადებით, ელექტროენერგიის გათიშვამ კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის ლოგიკა გადატვირთა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილები დაპროგრამებულია, რათა მსგავს სიტუაციებს გაუმკლავდნენ, გათიშვის მასშტაბმა მის შესაძლებლობებს გადააჭარბა. Waymo-ს თქმით, ავტომობილები გზაჯვარედინებზეც კი გაჩერდნენ, რაც ისედაც პიკურ პერიოდში, საცობების მიზეზად იქცა.
Waymo-მ მომსახურება დაახლოებით ერთი დღით შეაჩერა, რათა ყველა ავტომობილი უსაფრთხოდ ავტოპარკში დაებრუნებინა. თუმცა ეს შემთხვევა არ გამორჩენია Tesla-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, რომელმაც ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოიყენა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის ბრენდს ელექტროენერგიის გათიშვის დროს არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია.