ავტომობილები ჩვენ საუკეთესო მოგონებებს ქმნიან | გამორჩეული საახალწლო სარეკლამო რგოლები
ავტომწარმოებლებმა ნამდვილად კარგად იციან, რომ კარგი რეკლამა, მომხმარებლების ნდობის მოპოვებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეს რეკლამები ისეთ დღესასწაულთანაა დაკავშირებული, როგორიც შობა და ახალი წელია.
წლების განმავლობაში საავტომობილო კომპანიების მიერ შექმნილი არაერთი დაუვიწყარი საშობაო რეკლამა ვიხილეთ. მსგავსი კონტენტი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენი ავტომობილები უბრალოდ გადაადგილების საშუალება არ არიან, ისინი ჩვენთან ერთად მოგონებებს ქმნიან.

გამომდინარე აქედან, ავტომწარმოებლები ყოველწლიურად ცდილობენ რაღაც დამამახსოვრებელი შექმნან და ხშირად ეს ძალიან კარგადაც გამოსდით. რომელმა ბრენდმა შეასრულა საუკეთესო დაკისრებული სამუშაო?
ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო და დამაფიქრებელი რეკლამა Toyota-ს 2023 წლის კამპანია იყო — „აწმყო წარსულიდან“. ეს რეკლამა ახალგაზრდა ქალის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ბებიისგან საშობაო საჩუქრად ძველ კამერას იღებს. როდესაც ის ოჯახურ ფოტოებს ათვალიერებს, რეკლამა, ნოსტალგიურ და თბილ განწყობას იძენს, ხოლო Toyota ამ შემთხვევაში არა მთავარი აქტორი, არამედ მხოლოდ ცხოვრებისეული მომენტების „ჩუმი“ მოწმეა.
შემდგომი არა მხოლოდ რეკლამა, არამედ Subaru-ს ხანგრძლივი სადღესასწაულო კამპანიაა — „გააზიარე სიყვარულით“. ეს კამპანია ათობით რეალურ ისტორიას აერთიანებს, დაწყებული ბებია-ბაბუებიდან, რომლებიც მოხალისეობრივ ვიზიტებს იღებენ, საქველმოქმედო ორგანიზაციების ბენეფიციარებით დასრულებული. ძირითადი გზავნილი ნათელია: ზოგჯერ მნიშვნელოვანი არა ცხენის ძალა, არამედ გულის ძალაა.

Toyota-ს 2024 წლის საახალწლო რეკლამაში კი, წყვილი დაკარგულ ძაღლს პოულობს, თუმცა ფულად ჯილდოზე უარს ამბობს და ძაღლს ოჯახს უანგაროდ უბრუნებს. ეს რეკლამა სიკეთესა და ურთიერთობაზე იყო ორიენტირებული. ხოლო კიდევ ერთი დამამახსოვრებელი ვიდეო Volkswagen-ს ეკუთვნის, რომელიც Jetta და სანტა კლაუსი მონაწილეობენ. ამით კი კომპანიამ მიგვანიშნა, რომ თავად სანტამაც კი შეიძლება თავისი ციგა თანამედროვე სედანის გამო მიატოვოს (თან ირემსაც აწერია, რომ იყიდება...)