Ferrari F40, რომლის მსგავსიც არ გინახავთ | ლეგენდის შეურაცხყოფა?
Ferrari-ის უახლესი SC40, რომელიც ამავდროულად უნიკალური, ექსკლუზიურად ერთი მომხმარებლისთვის შექმნილი მოდელია, ლეგენდარული F40-ის დიზაინიდან გარკვეულ დეტალებს იმეორებს. თუმცა არა იმ სიცხადითა და თავდაჯერებულობით, როგორც ალბათ Ferrari-ის მოყვარულები ელოდებოდნენ.

მაგრამ F40-ის დიზაინისა და კონცეფციის გამეორებამ, შესაძლოა გულშემატკივრებისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებაც დაიმსახუროს და დაპირისპირების საბაბად იქცეს. ყოველ შემთხვევაში, სანამ რამეს ვიტყოდეთ, სჯობს განვმარტოთ, რომ რასაც ფოტოებზე ვხედავთ, მხოლოდ დიზაინის დეტალური კონცეფციებია და მისი სისრულეში მოყვანის გეგმაც არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ.

Fully Leaded-ის დიზაინის გუნდის მიერ შემუშავებული კონცეფცია, Ferrari-ის სუპერქარის ქარხნულ ვიზუალებს იმეორებს, თუმცა ტუნინგ კომპანიის ძალისხმევით, ბევრად აგრესიული იერსახეც გამოარჩევს. მარტივად რომ ვთქვათ, ბევრად ნაკლები შეზღუდვითა და მკვეთრი ფორმებით. განახლებულია ბამპერი, ავტომობილის წინა ნაწილი კი შედარებით ქვემოთაა დაწეული, ასევე გაფართოებულია ჰაერის შემშვები, ხოლო Pop-up მაშუქებს LED-ები ცვლის.

განსაკუთრებით დრამატულია ავტომობილის გვერდითა კალთებზე ცვლილებები. მათ შორის, წინა საბურავების თაღები და NACA-ს საჰაერო მილების ნაცვლად გამოყენებული დიდი ერთიანი ჰაერის შემშვები, რომელიც ძრავის გაგრილებას უწყობს ხელს. შეიცვალა ქარხნული გამონაბოლქვი მილებიც, უკანა მაშუქები კი მოდერნიზებულია და თხელი LED-განათებითაა ჩანაცვლებული. ეს, ერთი შეხედვით, ამ F40-ში 80-იანი წლების ნოსტალგიასაც აქრობს.

როგორც თავიდანვე აღინიშნა, ეს F40 მხოლოდ პროექტია და ჯერ მისი განხორციელება საკუთარ თავზე არავის აუღია. თუმცა დაახლოებით ერთი წლის წინ, მცირე ზომის იტალიურმა კომპანიამ მოდელის განახლებულ სერიაზე მუშაობა დააანონსა. დანარჩენს კი, მომავალი გვიჩვენებს. თუმცა საკითხავია, რეალურად ხომ არ სჯობს F40-ის მსგავსი ლეგენდები ხელუხლებლად დარჩეს?