ავტონომიური მანქანა, ევროკავშირი, ჩინეთი, რობოტაქსი, ბოლტი
Aa
Aa

Bolt-ი, ჩინურ სტარტაპთან ერთად, ევროპაში რობოტაქსების გაშვებას გეგმავს

ესტონური სატრანსპორტო კომპანია Bolt-ი, ჩინურ სტარტაპ Pony.ai-სთან, ევროპაში ავტონომიური ტაქსების გაშვებაზე თანამშრომლობს. პარტნიორობა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა, Bolt-ის ქსელში მე-4 დონის ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის ინტეგრირებას ითვალისწინებს. აღნიშნული ტექნოლოგიის დახმარებით, ავტომობილი გარკვეულ პირობებში, ადამიანის ჩარევის გარეშე რეაგირებს.

Bolt-სა და Pony.ai-ს შორის შეთანხმების გაფორმების პარალელურად, ჩინური ავტომწარმოებლები ევროპის ბაზრის დაკავებას განაგრძობენ. რეგიონში ყველაზე პოპულარული ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილებია, რომელთაც ადგილობრივი და ამერიკული კონკურენტებისგან შედარებით ხელმისაწვდომი ფასი გამოარჩევთ.

„ავტონომური ავტომობილები ტრანსპორტირების არსებულ სტანდარტებს რადიკალურად შეცვლის. Bolt-ი ამაყობს Pony.ai-სთან პარტნიორობით და მისი ავტონომიური ტექნოლოგიის დიდ ბაზარზე გასატანადაც მზადაა“, - განაცხადა Bolt-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკუს ვილიგმა.

თანამშრომლობის საწყის ეტაპზე კომპანიები სისტემის უსაფრთხოებას გამოცდიან. ტესტირების დროს პრიორიტეტი მომხმარებლის გამოცდილების მიღებას ენიჭება, რის შემდეგაც სრულად ავტონომიური სერვისის რეალურ სამყაროში გაშვება შესაძლებელი იქნება. ესტონურ კომპანიას კონკრეტული ვადები არ განუცხადებია, თუმცა ცნობილია, რომ საწყის ეტაპზე, რობოტაქსები ევროპის კავშირის არაწევრ ქვეყნებშიც გაეშვებიან.

Pony.ai-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს პენგმა, ევროპის რეგიონს „ავტონომიური მობილობის სწრაფად მზარდი და პერსპექტიული ბაზარი“ უწოდა. კომპანია ამჟამად პეკინში, კუანჭოუში, შანხაისა და შენჭენში ოპერირებს და 720 რობოტაქსისისა და დაახლოებით 200 ავტონომიური სატვირთო მანქანისგან შემდგარ ფლოტს მართავს.

 

მსგავსი სიახლეები