ავტოსპორტი, ფორმულა 1, Ligier, ფრანგული, ნურბურგრინგი
Aa
Aa

Ligier JS50-მა ნურბურგრინგის ანტირეკორდი დაამხო

მივულოცოთ Ligier-ს — ავტოსპორტის ლეგენდარულ ფრანგულ გუნდსა და ზოგჯერ ძალიან უცნაური ფორმის სარბოლო ავტომობილების მწარმოებელს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ნურბურგრინგზე ძალიან დიდი ხნის წინ დამყარებული ანტირეკორდი მოხსნა.  

Ligier JS50-ით ორ ფრანგ ჟურნალისტს „მწვანე ჯოჯოხეთისათვის“ სრული წრის შემოსარტყმელად 28 წუთი და 28.5 წამი დასჭირდა... ამ „ლეგენდარული“ შედეგით თითქმის 60 წლის წინ Trabant P60-ის მიერ დამყარებული ანტირეკორდი მთელი 12 წუთით „გაუმჯობესდა“. 

რა თქმა უნდა, ეს თავიდან ბოლომდე წინასწარ ჩაფიქრებული, კომიკური გარბენი იყო, რადგან JS500 ავტომობილია, რომლის სამართავადაც 14 წლიდან საფრანგეთში მართვის მოწმობაც კი არ არის საჭირო... დიზელის ეს „მონსტრი“ 8 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ს აღწევს.

ალბათ, იფიქრებთ, ავტომობილი პროფესიონალ მრბოლელს რომ ემართა, უკეთეს დროს დააფიქსირებდაო, თუმცა, თუ მათემატიკურად შევხედავთ, დაახლოებით 21-კილომეტრიანი ნურბურგრინგის 28 წუთსა და 28 წამში გასავლელად საშუალო სიჩქარე, მიახლოებით, 44კმ/სთ უნდა იყოს, რაც ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ ფრანგმა ჟურნალისტებმა საქმეს თავი შესანიშნავად გაართვეს, უბრალოდ, თავს ზევით ძალა არ არის...

რა არის Ligier

თუ აქამდე არ იცოდით, Ligier 1968 წელს ფრანგი მორაგბისა და მრბოლელის, გი ლიჟიეს მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მიკრო-ავტომობილების მიმართულებით სპეციალიზდება. მიუხედავად ამისა, ფრანგული ავტომწარმოებელი ავტოსპორტისგან შორს არასდროს ყოფილა — 1976-1996 წლებში Ligier-ის ბოლიდების ხილვა ფორმულა 1-ში შეგეძლოთ.

ფორმულაში Ligier ვარსკვლავურად წარმატებული არ ყოფილა — 20 სეზონის განმავლობაში 332 რბოლიდან Ligier-ის პილოტებმა გამარჯვება 9-ჯერ, ხოლო პოდიუმზე პოზიცია 50-ჯერ მოიპოვეს.  

მსგავსი სიახლეები