კონცეპტი, ფორდი
Aa
Aa

Ford-ის რევოლუციური კონცეპტი, რომელიც დაკარგულად მიიჩნეოდა, გასაყიდად გამოჩნდა

Facebook Marketplace-ზე ბევრი უცნაური ნივთის პოვნაა შესაძლებელი, თუმცა ბოლო დროს პლატფორმაზე იშვიათი და ძვირადღირებული ავტომობილებიც გვხვდება. ამის დასტურია Ford Probe IV-ის კონცეპტუალური მოდელი, რომელიც არა რეპლიკა, არამედ რეალური, ისტორიული მანქანაა.

შესაძლოა, ამ ავტომობილის შესახებ ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია ან ის უბრალოდ მივიწყებული იყო. მეტიც, არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ეს მოდელი თავად Ford-ის ზოგიერთ თანამშრომელსაც კი არ ახსოვდა. 1983 წლის Ford Probe IV Concept (შასის ნომრით 001) სტუდია Ghia-მ ავტომწარმოებლისთვის 1980-იანი წლების მოწინავე აეროდინამიკის პროგრამის ფარგლებში ააწყო.

ამჟამინდელი მფლობელი ავტომობილის შესყიდვაზე შეთავაზებებს უკვე იღებს. ამ ეტაპზე ფასი $11,000 – $12,000-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილი არ მუშაობს — ეს ნიშნავს, რომ მყიდველი ამ თანხას მხოლოდ უძრავ ექსპონატში გადაიხდის.

Ford-ის Probe-ის პროგრამა 1979 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიამ Ghia-ს საწვავის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით აეროდინამიკის შესწავლა დაავალა. ტესტირებისას ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტმა C_d = 0.15-ს მიაღწია, რაც წარმოუდგენელი მაჩვენებელი იყო არა მხოლოდ იმ პერიოდისთვის, არამედ დღევანდელი სტანდარტებითაც კი.

რა თქმა უნდა, ამ შედეგის მისაღწევად ავტომწარმოებელმა უგულებელყო ისეთი ფაქტორები, როგორიცაა უსაფრთხოების რეგულაციები, მართვადობა და გადაცემათა კოლოფის სრულყოფილი კომპონენტები. წარმოდგენილი კომპოზიტური კორპუსი ხის ჩარჩოზეა აგებული, ბორბლებს კი ფოლადის სპეციალური პანელები ფარავს. ტესტირებისთვის საკიდარი ხელით რეგულირდება, ხოლო ელექტრო წინა სპლიტერი ცხადყოფს, თუ რამდენად უსწრებდა ეს ავტომობილი თავის დროს.

ეს არის პირველი აწყობილი ეგზეპლარი, რომელიც სპეციალურად აეროდინამიკური მილის ტესტირებისთვის გამოიყენებოდა. წლების განმავლობაში ეს კონკრეტული ერთეული დაკარგულად მიიჩნეოდა და მისი გამოჩენა ავტომოყვარულებისთვის ნამდვილი სიურპრიზია.

 

მსგავსი სიახლეები