უამინდობის გამო, საქართველოში, საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია
საქართველოს საერთაშორისო და შიდა გზების ნაწილზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია. ამის მიუხედავად, უამინდობისა და თოვის გამო გარკვეულ მონაკვეთებზე სხვადასხვა სახის ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები კვლავ მოქმედებს.
კერძოდ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბოლო ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ამ დროისთვის გუდაური–კობისა და რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთებზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და გზა თავისუფალია ყველა სახის ტრანსპორტისთვის.
რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, დეპარტამენტის განცხადებით, ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია:
- კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის გზის ფარავნის უღელტეხილზე და კმ110-კმ146 მონაკვეთზე
- ნაქერალას უღელტეხილზე
- საჩხერე-რაჭის გზაზე
- ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე
- ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე
- ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე
ხოლო ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია:
- საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ21-კმ49 მონაკვეთზე
- ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე
- ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე
- კორშა-შატილის მონაკვეთზე
- უშგული-ლასდილის მონაკვეთზე
ცნობისთვის, ბათუმი–ახალციხის გზის კმ50-კმ102 მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დაშვებული. საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მათ შორის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა აღდგენილია რიკოთის მთლიან მონაკვეთზეც.