Audi ბრუნდება | იტალიელ კრეატიულ დირექტორს კომპანიის გერმანული იდენტობის დაბრუნება სურს
ბოლო ორ ავტომობილს, რომელიც Audi-სგან ვიხილეთ, ალბათ, ვერასდროს შევიძენთ — ერთი ფორმულა 1-ის ბოლიდია, მეორე კი პროტოტიპი Concept C — მიუხედავად ამისა, ორივე მათგანი აჩვენებს, რომ გერმანული ავტომწარმოებელი ახალ გზას დაადგა (ან, კარგად დავიწყებულ ძველს, რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგა).
დაუბრუნდება Audi ძველ დიდებას? ამას, პირველ რიგში, ფორმულაში ვნახავთ — ერთ დროს, გერმანული ავტომშენებლობის გიგანტი ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობაში დომინირებდა — მაგალითად, რალის მოყვარულებს კარგად გემახსოვრებათ B ჯგუფის რალიში Quattro-ს მეფობა... 

მიმართულების ცვლილებაზე გვანიშნებს პროტოტიპის დიზაინის ცვლილებებიც. კომპანიის კრეატიული დირექტორი 2024 წელს საავტომობილო სამყაროსთვის საკმაოდ ცნობილი კაცი, მასიმო ფრასკელა გახდა, რომელიც ერთ დროს Land Rover-ის ექსტერიერის მთავარი დიზაინერი იყო და შექმნა Velar-ის, Defender-ისა და Range rover-ის დიზაინები.
ფრასკელას სურს, კომპანიის ერთიანი დიზაინი, საერთო ასპექტები ჩამოაყალიბოს, რომელიც გააერთიანებს ისეთ განსხვავებულ მიმართულებებს, როგორებიც F1-ის ბოლიდი და რიგითი სერიული წარმოების ავტომობილები არიან.
„ჩვენ შემოგვაქვს დიზაინის ერთიანი სისტემა, რათა ჩვენი ორგანიზაციის ყველა ასპექტი გავაერთიანოთ. სისტემის საფუძველში კი ჩვენი ოთხი რგოლია“, — განაცხადა ფრასკელამ.
რიცხვი 4 კი აუდისთვის მართლაც განსაკუთრებულია — სწორედ ამიტომ, Concept C-ის მაშუქებში ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული 4 წერტილის ხილვა შემთხვევითი სულაც არ არის — მდიდრულ, ბრჭყვიალა მაშუქებზე მეტად ბრენდის იდენტობას ეს მინიმალისტური დეტალი ასახავს. ფრასკელამ დიზაინის ახალი ფილოსოფია 4 სიტყვით აღწერა — გასაგები, ტექნიკური, ინტელექტურალური და ემოციური — „რაციონალურობა გარდაიქმნება ემოციურობად“ — განაცხადა დიზაინერმა.
ტექნიკური დიზაინერის განცხადებით, Concept C თავის თავში აერთიანებს ისეთ ლეგენდარულ მოდელებს, როგორებიც პირველი TT, A2, 1997 წლის A6 და Auto Union-ის სარბოლო მანქანები იყვნენ.
„აუდი გლობალური ბრენდია, თუმცა თავისი ხასიათით, ის გერმანულია — ეს მისი იდენტობის ნაწილია. როცა ბრენდები ცდილობენ, ყველასთვის მოსაწონი გახდნენ, სწორედ ამ მომენტში კარგავენ საკუთარი თავის შეგძნებას", — განაცხადა ფრასკელამ BBC Top Gear-თან საუბარში.
Concept C მართლაც კლასიკურ აუდის ჰგავს — სოლიდური და მარტივი ფორმებით, ჩანაფიქრი კი სწორედ ეს იყო — ავტომობილის გათავისუფლება ყველაფერი ზედმეტისგან და მისგან ჭეშმარიტი Audi-ს გამოდნობა, რომელიც კომპანიის დიდებულ წარსულში გვაბრუნებს.
კრეატიულმა დირექტორმა გააკრიტიკა ინტერიერში თანამედროვე ტექნოლოგიების უაზროდ გამოყენებაც. მისი აზრით, გიგანტური სენსორული ეკრანები, ეს „ტექნოლოგიაა ტექნოლოგიისთვის“, რაც ელეგანტურობას უკანა ფლანგზე სწევს — სინამდვილეში კი ტექნოლოგიური სიახლე უნდა გამოიყენებოდეს იმდენად, რამდენადაც ის ფუნქციური და პრაქტიკულია.
ერთი სიტყვით, მასიმო ფრასკელა ცუდი კაცი არ ჩანს... და, იმედია, ვიხილავთ Audi-ს კვლავ იმ სიმაღლეებზე, სადაც გავიცანით.