კონცეპტი, უცნაური, ჯენესისი
Aa
Aa

Genesis-ს რამდენიმე გიჟური იდეა აქვს | დაწყებული ამ კოსმოსური ეპოქის მინივენით

Genesis-ი ბოლო პერიოდში ყველანაირ საზღვრებსა და სტანდარტებს სცდება, რასაც მისი კონცეპტუალური ავტომობილებიც ნათლად ადასტურებენ. დაწყებული შუაძრავიანი სპორტქარებიდან, დასრულებული სრული ზომის პიკაპის ესკიზით — როგორც ჩანს, კომპანია თავისი დიზაინის ენას ყველა მიმართულებით ხვეწს და აფართოვებს.

მაგრამ ამ სტანდარტებითაც კი, Genesis-ის ეს კონკრეტული კონცეფცია — მინივენი, რომელიც ალბათ თავს ორბიტაზე უფრო კომფორტულად იგრძნობს, ვიდრე დედამიწაზე — სულ სხვა განზომილებაშია.

„ბორბლებზე განთავსებული რეაქტიული თვითმფრინავი“ — ამ სახელითაა აღწერილი წარმოდგენილი პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, ესკიზის ეტაპსაც უკვე გასცდა. როგორც იტალიური გამოცემა Auto&Design-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, Genesis-მა სულ მცირე ერთი, სრული მასშტაბის სტატიკური პროტოტიპი შექმნა. ამასთან ერთად, დასავლური გამოცემების ნაწილს Genesis-მა თითო ოფიციალური ესკიზიც გაუგზავნა, სადაც კონცეპტის აეროდინამიკური სილუეტი და SUV-ის მსგავსი კლირენსი კარგად ჩანს. კონცეპტი დიდი ზომის მსუბუქშენადნობ დისკოებზე დგას, ხოლო მისი სილუეტი ერთბლოკიანი პროპორციებითაა წარმოდგენილი, მკვეთრად დახრილი საქარე მინით, რომელმაც შესაძლოა 90-იანი წლების Pontiac Trans Sport-ი მოგვაგონოს.

წინა და უკანა განათება Genesis-ისთვის დამახასიათებელ სტილს ინარჩუნებს, თუმცა უკანა ნაწილს მაინც პირდაპირ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადავყავართ. აქ კი მთავარ როლს კონცეპტის მინისებრი ნაწილი ასრულებს.

რაც არ უნდა წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს, რომ ეს კონცეპტი ოდესმე წარმოებაში ჩაეშვება, აშკარაა, რომ პროექტი მხოლოდ საჩვენებლად შექმნილი არაა. იტალიურ დიზაინ-გამოცემა Auto&Design-თან საუბრისას Hyundai Motor Group-ის კრეატიულმა დირექტორმა, ლუკ დონკერვოლკემ, პროექტის შესახებ გარკვეული დეტალებიც გაამხილა:

„Genesis-ში ყველამ ვიცით, რომ ადრე თუ გვიან პიკაპის შექმნა მოგვიწევს, სწორედ ამ გეგმას ემსახურებოდა კონცეპტის შექმნა. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა კატეგორიისა და არქიტექტურის შექმნას შეჩვეულები ვართ, ჩვენთვის ამ ტიპის ავტომობილზე მუშაობაც სრულიად ბუნებრივი პროცესი ჩანდა. ასე რომ, ეს არის იმ სამუშაოების იდეალური ამსახველი, რომელსაც ჩვენ კულისებში, ჩვენს „სამზარეულოში“ ვაკეთებთ“.

Genesis-ის დიზაინის სტუდიის კიდევ ერთი საინტერესო კონცეფციაა SUV, რომელიც წყალბადის საწვავზე მომუშავე ძრავას იყენებს. პროექტი, შიდა კოდური სახელწოდებით JH, ამჟამად შეჩერებულია, თუმცა ადასტურებს, რომ კომპანია ბევრად მკაცრ რეგულაციებზე მოსარგებადაც ემზადება. ხოლო იმას, შევა თუ არა საბოლოოდ ლუქს-კლასის მინივენების ბაზარზე, მომავალი გვიჩვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები