Genesis-მა 1 100 ცხ.ძ-ის მქონე V8-ძრავიანი ყველგანმავალი სუპერქარი წარადგინა
ბოლო პერიოდია, Genesis-ი შესამჩნევად აქტიურობს როგორც უკვე დასრულებული ავტომობილების, ასევე კონცეპტების შექმნის მიმართულებით. მაგალითად, Genesis-მა ცოტა ხნის წინ წარადგინა კონცეპტი, რომელსაც „ბორბლებზე განთავსებული რეაქტიული თვითმფრინავი“ უწოდეს, ახლა კი მომხმარებელთა განცვიფრებას 1 100 ცხ.ძ-ის მქონე V8-ძრავიანი ყველგანმავალი სუპერქარით ახერხებს. თუმცა ამ ნარინჯისფერი და შავი მონსტრების შემთხვევაშიც, საქმე ჯერ კონცეპტთან გვაქვს.
X Scorpio Concept-ის სახელით ცნობილი ეს მოდელი სპეციალურად დაკარის რალის მსგავსი ღონისძიებების მოთხოვნებსაა მორგებული. მისი დებიუტი არაბთა გაერთიანებული საამიროების Empty Quarter-ის უდაბნოში შედგა, სადაც ის GV60, GV70 და GV80-ის სპეციალურად აღჭურვილ, რელიეფისთვის მზა ვერსიებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

შავი მორიელით ინსპირირებული X Scorpio Concept-ი ავტოსპორტის სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში მყოფი დამცავი კეიჯითაა აღჭურვილი. ის Genesis-ისთვის დამახასიათებელ ორხაზიან დიზაინის ენას მიჰყვება LED განათებით, რომელიც წინა და უკანა მხარის გარდა, ექსტერიერის გვერდითა ნაწილზეც გვხვდება. კორპუსის პანელები მინაბოჭკოვანი მასალის, კარბონისა და კევლარის ნაზავია. თითოეული მასალა ავტომობილის გამძლეობისა და წონის გათვალისწინებითაა შერჩეული.


Genesis-მა ეს მოდელი V8 ძრავით აღჭურვა, რომელიც, სავარაუდოდ, 1 100 ცხენის ძალას და 1 152 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. ამას კი მოდელი, დიდი ალბათობით, ჰიბრიდული სისტემის და, შესაძლოა, ტურბოჩარჯერის საშუალებით ახერხებს.
Genesis-მა X Scorpio Concept-ს 40-ინჩიან ყველგანმავალ საბურავებში გახვეული 18-ინჩიანი დისკები და Brembo-ს მუხრუჭები დაუყენა. ავტომწარმოებელს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენად დიდი კლირენსი აქვს კონცეპტს, მაგრამ ცხადია, რომ ეს ყველაზე გიჟურ ქვიშის დიუნებზეც კი საკმარისია.

კონცეპტისთვის შემუშავებულია ინდივიდუალური ინტერიერიც: ავტოსპორტისთვის დამახასიათებელი საჭე თავისი პატარა ზომის ინსტრუმენტთა პანელით, მსუბუქი სავარძლები, კარბონის კარები, ალკანტარას მორთულობა და ა.შ. მგზავრის მხარეს საინფორმაციო-გასართობი ეკრანია მოთავსებული, რომლის დახმარებითაც ავტომობილში არაერთი ფუნქცია იმართება.
Genesis-ის განცხადებით, კონცეპტი „ახლო აღმოსავლეთის საავტომობილო კულტურასა და ცხოვრების წესზეა“ მორგებული, თუმცა არ აკონკრეტებს, განიხილება თუ არა X Scorpio-სგან მასობრივი წარმოების მოდელის შექმნა.