ჰაჯარმა ტესტირებებისას Red Bull-ის ბოლიდი დაამტვრია
Red Bull-ი ახლა უკვე იძულებულია, ბარსელონას ტრასაზე სეზონისწინა ტესტირებების გრაფიკს კარგად გადახედოს მას შემდეგ, რაც გუნდის ახალწვეულმა, ისააკ ჰაჯარმა, წვიმიან ამინდში გამოცდისას ბოლიდი დაამტვრია. 21 წლის ფრანგმა პილოტმა მოსახვევში კონტროლი დაკარგა და ბარიერებს შეეჯახა.
გუნდის ხელმძღვანელობის განცხადებით, ისინი ახლა კვირის გეგმასა და ზიანის შეფასებაზე მუშაობენ. „მთავარია, ისააკი კარგადაა. ჩვენ ბოლიდის შესაკეთებლად ყველაფერს გავაკეთებთ და ვნახოთ, რა მოხდება ამის შემდეგ“, — აღნიშნა Red Bull F1-ის გუნდის ხელმძღვანელმა ლორან მეკისმა. არსებული ცნობებით, RB22-ის ბოლიდს უკანა ფრთა და საკიდარი აქვს დაზიანებული.
„რთული პირობები გვქონდა და სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა, მაგრამ ესეც თამაშის ნაწილია. დღევანდელი სირთულეები გუშინდელი ძალიან, ძალიან პოზიტიური დღის შემდეგ გაჩნდა. გუშინდელი დღე, ისააკის მიერ ბოლიდით დაფარული წრეების რაოდენობისა და ინჟინრებთან უკუკავშირის გათვალისწინებით, ძალიან პოზიტიური გამოდგა“, — განაცხადა მეკისმა.
ცნობისთვის, „ფორმულა 1“-ის გუნდებს კატალონიის ტრასაზე, „დახურულ კარს მიღმა“ გასამართი ტესტირების ხუთი დღიდან სამში მონაწილეობის უფლება აქვთ. შესაბამისად, მათ წვიმიან სამშაბათს ტესტირებაზე შეეძლოთ უარი ეთქვათ, თუმცა ტრასაზე Ferrari და Red Bull-ი მაინც გამოჩნდნენ. წვიმა დაახლოებით დილის 10:30 საათზე დაიწყო, მაგრამ Ferrari-ის პილოტების შეფასებით დღე მაინც პროდუქტიული გამოდგა, რადგან F1-ის გუნდმა დაახლოებით 120 წრე გაიარა და ბოლიდის შესაძლებლობებზეც უფრო მეტი შეიტყო.