საბურავები, მიშელინი, პირელი, ჭკვიანი საბურავები
Aa
Aa

Pirelli-ს ახალი საბურავი ცვეთის, წნევის, ტემპერატურისა და გზის საფარის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით

გასულ თვეში გაცნობეთ, რომ საბურავების გიგანტი, Michellin-ი ე.წ „ჭკვიან საბურავებზე“ მუშაობდა, რომლებიც მძღოლს ცვეთის შესახებ ინფორმაციას ლაივ რეჟიმში მოგაწვდიდნენ. ამჯერად, ანალოგიური ინფორმაცია ამ ინდუსტრიის კიდევ ერთი გიგანტის, Pirelli-ს შესახებ უნდა გამცნოთ — „კიბერ საბურავი“, როგორც მას იტალიურ კომპანიაში უწოდებენ, გარდა საკუთარი ჯანმრთელობისა, მონიტორინგს გაუწევს გზის საფარის მდგომარეობასაც და მნიშვნელოვან გაფრთხილებებს მომენტალურად მოგაწვდით.  

ასევე იხილეთ: Michelin-მა ჭკვიანი საბურავები შექმნა, რომლებიც ცვეთის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდიან

დიახ, წნევისა და ტემპერატურის კონტროლი აქამდეც შეგვეძლო, თუმცა ეს სენსორები სარქველშია განლაგებული და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არც მყისიერია და, ხშირად, არც მაინცდამაინც ზუსტი. პირელის კიბერ საბურავს სენსორები, უმცირესი ზომის ჩიპები საბურავის პროტექტორებში ექნება ჩამაგრებული — ამ გზით მძღოლი მუდმივად განახლებად რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას საბურავის თითოეულ დეფორმაციასა და ავტომობილის მოჭიდებაზე. ცხადია, ეს სენსორები ტემპერატურასა და წნევასაც ანალოგიურად გაზომავენ.

აღნიშნული ტექნოლოგია McLaren Artura-ზე გამოიცადა — ამ შემთხვევაში ავტომობილი აღიქვამდა, რა ტიპის საბურავებით იყო აღჭურვილი: ზაფხულის თუ ზამთრის, სარბოლო ტრასისთვის განკუთვნილი თუ სამომხმარებლო. კიბერ საბურავები Utopia Roadster-ში გამოიყენა Pagani-მაც. 

სისტემა საქმეს გაგიმარტივებთ საბურავის დაზიანების აღმოჩენის მიმართულებითაც — სენსორების საშუალებით, ზუსტად გეცოდინებათ ზონა, რომელიც აღდგენას საჭიროებს. ერთი სიტყვით, Pirelli-სა და Michelin-ის ეს მიგნებები, ფართო მოხმარებაში დანერგვის შემთხვევაში, არამხოლოდ ავტოსპორტისთვის, არამედ რიგითი მძღლებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.

კომპანიის განცხადებით, ეს ისტორიაში პირველი საბურავი იქნება, რომელიც თქვენს ავტომობილს პირისპირ გაესაუბრება... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები