მე-11 ფილმით Fast and Furious სერია დასრულდება | ბრაიანს ერთხელაც ვიხილავთ
თუ თქვენც ფიქრობდით, რომ „ფორსაჟი“ არასდროს დასრულდებოდა და არც ისე რეალისტური საავტომობილო ფილმების სერია „ფორსაჟ 150-მდე“ გაგრძელდებოდა, მწარედ შეცდით.
როგორც აღმოჩნდა, უკვე ლეგენდად ქცეული ფრენჩაიზის მე-11 ფილმი უკანასკნელი იქნება. უკანასკნელ „ფორსაჟს“ Fast Forever ერქმევა და მის დებიუტს 2028 წლის 17 მარტს ვიხილავთ.
აღსანიშნავია, რომ ფილმის გამოსვლის თარიღმა მთელი 1 წლით გადაიწია. ივნისში ვინ დიზელმა განაცხადა, რომ პოლ უოკერის პერსონაჟი, ბრაიან ო'კონერი საგის ბოლო ფილმში დაბრუნდება. დომ ტორეტოს როლის შემსრულებელმა დაამატა ისიც, რომ ფილმი 2027 წლის 20 აპრილს გამოვიდოდა, თუმცა მოგვიანებით ეს თარიღი შეიცვალა და ამის მიზეზი სტუდიას არ დაუსახელებია. 
ვინ დიზელს არ გაუმხელია, როგორ დაბრუნდება Fast and Furious-ში ბრაიანი. როგორც მოგეხსენებათ, ო'კონერის პერსონაჟს სერიის პირველ ექვს ფილმში პოლ უოკერი თამაშობდა, რომელიც მე-7 ფილმის გადაღებების პროცესში კალიფორნიაში მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ეს ფილმი მაშინ კომპიუტერული გრაფიკის მანიპულაციების საშუალებით დაასრულეს, რისთვისაც პოლ უოკერი ძმამ, კოდიმ ჩაანაცვლა. ახლა კი ნამდვილად ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება ხარისხი ხელოვნური ინტელექტის არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით.
სხვათა შორის, პოლ უოკერი უბრალო მსახიობი არ ყოფილა, ის დიდი ავტომოყვარული იყო და მის შესანიშნავ კოლექციას ჩვენ ვიდეოც მივუძღვენით, რომლის ხილვაც CrystalAuto-ს იუთუბ არხზე შეგიძლიათ:
Fast Forever-ში სერიის ტრადიციული შემადგენლობა ლოს-ანჯელექსის ქუჩებს დაუბრუნდება, სადაც „ფორსაჟის“ პირველი ფილმი გადაიღეს. დიზელის განცხადებით, ეს სერიის ფესვებთან, ქუჩურ რბოლებთან დაბრუნება იქნება — იმედია, ტორეტო არ გვატყუებს და დასრულებამდე ბოლოჯერ ვიხილავთ ფილმს, რომლის ხათრითაც არაერთ ავტომოყვარულს ღამეები უთენებია...
გვითხარით კომენტარებში, „ფორსაჟის“ რომელი ნაწილი გიყვართ ყველაზე მეტად? (მე Tokyo Drift-ი)