აშშ, მართვის მოწმობის გამოცდა, კანონები, მართვის მოწმობა, ფლორიდა
Aa
Aa

ამიერიდან ფლორიდაში მართვის მოწმობას მხოლოდ ინგლისური ენის მცოდნე მძღოლები აიღებენ

ფლორიდაში მართვის მოწმობის აღების წესები შეიცვალა და ეს მზიანი შტატის ათიათასობით მაცხოვრებელს შეეხება. 6 თებერვლიდან, ფლორიდის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საშუალებების დეპარტამენტი (FLHSMV) ყველა მძღოლისგან მართვის მოწმობის გამოცდების ინგლისურად ჩაბარებას მოითხოვს — ყველა სხვა ენის ვარიანტი გაუქმებულია. 

ახალი წესი საგამოცდო პროცესის ყველა პროცესს შეეხება — როგორც თეორიულს, ისე პრაქტიკულს. აქამდე ამ ეტაპების გავლა თარჯიმნის დახმარებით შეიძლებოდა. 

ერთი ენა — გამონაკლისის გარეშე

„ადრე თეორიული გამოცდები არაკომერციული მართვის მოწმობების კატეგორიათა უმრავლესობაში, მრავალ ენაზე ტარდებოდა, ხოლო კომერციული მართვის მოწმობის საგამოცდო პროცესი მხოლოდ ინგლისურად და ესპანურად მიმდინარეობდა. განახლებული პოლიტიკის მიხედვით, ყველა ტიპის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდები ჩატარდება მხოლოდ ინგლისურად", — ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

FLHSMV-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გადაწყვეტილება საზოგადოებრივი უსაფრთხოებით ახსნა. მან ხაზი გაუსვა, რომ კომუნიკაციის გასაგებად დამყარების უნარი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დასაცავად ცენტრალური მნიშვნელობისაა — საჭესთან მჯდომ თითოეულ ადამიანს უნდა შეეძლოს, რომ სამართალდამცველებთან გამართული კომუნიკაცია დაამყაროს და საგზაო ნიშნები გაიგოს... 


Bay News 9-სთან საუბარში, ჰილსბოროს ოლქის საგადასახადო ინსპექტორმა, ნენსი მილანმა, რომლის მშობლებიც კუბელი იმიგრანტები არიან, განაცხადა, რომ ეს ცვლილება შემაშფოთებელია. 

„ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო, რადგან მართვის მოწმობის გამოცდების პროცესში თარგმნის პრაქტიკა ათწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა, ისეთ ენებზეც კი, როგორებიც ჰაიტიური კრეოლი, პორტუგალიური და ჩინურია“, — განაცხადა მილანმა.

მისივე თქმით, ოლქში გასულ წელს, სულ მცირე, 13500 გამოცდა უცხო ენაზე ჩატარდა, რაც ჯამური გამოცდების 37% იყო. შტატის მასშტაბით, სავარაუდოდ, რიცხვი გაცილებით მაღალია, რაც ნიშნავს, რომ მალე შტატის ათიათასობით მოქალაქეს მართვის მოწმობის აღება გაურთულდება. 

ახალი პოლიტიკის კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ შეზღუდვას უარყოფითი ეფექტი ექნება და ის ფლორიდის გზებზე მართვის მოწმობის არმქონე მძღოლების რაოდენობას გაზრდის. აღნიშნული ცვლილება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას ესადაგება — გასულ წელს, ფედერალურმა მთავრობამ შორ მანძილზე მოძრავი სატვირთო ტრაილერების მძღოლებისთვის ინგლისური ენის ცოდნა საგზაო უსაფრთხოებისთვის აუცილებლად გამოაცხადა.

და თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტიანი იქნება ახალი პოლიტიკა?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები