ელექტრომობილი, პორშე, პორშე კაიმანი, პორშე 718 ბოქსტერი, სპორტქარი, პორშე 718
Aa
Aa

Porsche ელექტრო სპორტქარებს აღარ გამოუშვებს? | ავტომწარმოებელი სტრატეგიას კვლავ ცვლის

ბოლო პერიოდში დასავლური გამოცემები აქტიურად წერენ, რომ Porsche-ს, შესაძლოა, თავისი ელექტრომობილების — 718 Cayman-ისა და Boxster-ის — პროექტების შეჩერება მოუწიოს. ავტომწარმოებელს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს, რომელმაც პოსტი 2026 წლის პირველ იანვარს დაიკავა და, როგორც ამბობენ, იგი სწორედ ამ ორი სპორტქარის პროექტის შეჩერებას განიხილავს.

საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით, Bloomberg-ი წერს, რომ პროექტს მზარდი ხარჯები და სამუშაო პროცესის გაჭიანურება აფერხებს. არადა, თავდაპირველი გეგმა რადიკალურად განსხვავებული იყო. რეალურად, Porsche-მ წინა თაობის 718-ის წარმოება ოფიციალურად ოქტომბერში შეწყვიტა და სრულიად ელექტროვერსიის გამოშვება დააანონსა, თუმცა მას შემდეგ განცხადებები რამდენჯერმე შეიცვალა.

საინტერესოა, რომ პროექტის განვითარების შეფერხებაზე ინფორმირებული პირები გასულ წლებშიც საუბრობდნენ. მაგალითად, ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში მედიაში ერთ-ერთი ინჟინრის განცხადება გავრცელდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ კომპანია ელექტრომობილის გამო „გრაფიკს საკმაოდ ჩამორჩებოდა“. გასული წლის მაისში ასევე დაიწერა, რომ Porsche-ს პროგრამის შეჩერება Northvolt-ის გაკოტრების გამო მოუწია.

მალევე ავტომწარმოებელმა დაადასტურა, რომ შემდეგი თაობის 718 კვლავ შიგაწვის ძრავით იქნებოდა აღჭურვილი, თუმცა მასთან ერთად ელექტროვერსიაც გამოვიდოდა. მოგვიანებით Car and Driver-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთელ ხაზში ბენზინის ვარიანტები იქნებოდა, ახლა კი, როგორც გამოცემები წერენ, ელექტრომოდელებს, ალბათ, საერთოდ ვეღარ ვიხილავთ.

აღსანიშნავია, რომ Porsche-მ უკან დაიხია Macan-ის შემთხვევაშიც. ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ Macan-ის მხოლოდ ელექტრომობილად ქცევა დიდი შეცდომა იყო და ამას აუცილებლად გამოასწორებს. Porsche-მ Macan-ის ახალი, ბენზინზე მომუშავე მოდელით ჩანაცვლების გეგმებიც დაადასტურა.

თუმცა, ავტომწარმოებელსა და მის ახალ აღმასრულებელს შემუშავებული აქვთ ჩინეთის ბაზარზე დაბრუნების სტრატეგია. სწორედ აქ სჭირდებოდა Porsche-ს ელექტრომობილებიც. ამ გეგმის ფარგლებში კომპანიას Cayenne Electric-ისა და 718 EV-ის გამოშვება ჰქონდა დაანონსებული, რომლებიც ჩინეთისთვის, „თავისი სპორტული ხასიათით, უნიკალური“ უნდა ყოფილიყო.

ამის მიუხედავად, ელექტრო 718-ის გამოშვების გეგმების შეჩერების შესაძლებლობას კომპანიის ფინანსური ანგარიშგებებიც ეჭვქვეშ აყენებს. ჩინეთში გაყიდვები იკლებს როგორც Porsche-ს, ისე Volkswagen Group-ის შემთხვევაში. გაყიდვების კლებას თან ერთვის ტარიფები და EV-ებზე მოსალოდნელზე დაბალი მოთხოვნა, რის გამოც ავტომწარმოებელს ხარჯების სასწრაფო კორექტირება დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები