McLaren-მა ფორმულა 1-ის ჩემპიონობას Artura Spider-ის შეზღუდული გამოშვება მიუძღვნა
თუ ფიქრობთ, რომ ფორმულა 1-ის ჩემპიონობა რთულია, გეტყვით, რომ McLaren-მა გამოუშვა სუპერქარი, რომლის საჭესთან მოხვედრაც კიდევ უფრო რთულია... კერძოდ, McLaren Artura Spider-ის ექსკლუზიურ გამოშვებაზე ვსაუბრობთ, რომელიც ლანდო ნორისის (და კონსტრუქტორთა გუნდის) ჩემპიონობას ეძღვნება და სულ 10 ერთეულად გამოვა.
ეს Artura Spider MCL39 Championship Edition-ია — სუპერქარი, რომლის სახელის წარმოთქმასაც იმაზე დიდი დრო სჭირდება, ვიდრე მაკლარენის F1-ის გუნდს პიტ-სტოპზე საბურავების გამოსაცვლელად... საკმაოდ პოპულარული როდსტერის რესტაილინგზე მაკლარენის განსაკუთრებული ოპერაციების გუნდმა იმუშავა, რაც ნიშნავს, რომ მოდელის თითოეული დეტალი ექსკლუზიურია.

ექსტერიერის ფერთა გამა ნაცნობია — ბრიტანული მარკის ტრადიციული Myan Orange-სა და Onyx Black-ის სინთეზი ჩემპიონობის მომტან ბოლიდს მოგვაგონებს. აღსანიშნავია შავად შეღებილი 10-სხივიანი ულტრა-მსუბუქი ნაჭედი დისკები, შავი ემბლემები და სპორტული გამოსაბოლქვი მილი, რომელიც თანამედროვე ბოლიდებზე უკეთეს ხმას ნამდვილად გამოსცემს.
მუქი და თეთრი ფერების შეხამება გრძელდება ინტერიერშიც — შავი ფერის ალკანტარათი დაფარულ სავარძლებზე ნარინჯისფერ ნაკერებსა და სპეციალურად ამოქარგულ წარწერას ვხედავთ, რომელიც ფორმულაში ბრენდის წარმატებულ ისტორიას ეხმიანება. 
კარის ზღურბლის ზესადებებზე ვხედავთ McLaren-ის პილოტების, ლანდო ნორისისა და ოსკარ პიასტრის ხელმოწერებსაც. მექანიკურად, ეს ისევ ძველი Artura Spider-ია, ჰიბრიდული სისტემის მქონე სპორტქარი, რომლის 3-ლიტრიანი, ორტურბინიანი V6 ძრავა 690 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე, სულ რაღაც, სამ წამში აჩქარებს.
თუ Formula 1-ში მაკლარენის დიდებულ ისტორიას არ იცნობთ, შეგიძლიათ CrystalAuto-ს იუთუბ არხზე ჩვენ მიერ მომზადებულ ძალიან საინტერესო ვიდეოს უყუროთ!