სუვი, უკან გაწვევა, ჯიპი, ჯიპ გრანდ ჩეროკი
Aa
Aa

Jeep-ი 80 000-ზე მეტ Grand Cherokee-ს უკან გაიწვევს

ალბათ, Jeep-ს მხოლოდ საქალაქო გზებზე, სამსახური-სახლი რეჟიმში სისინით გადასაადგილებლად არავინ ყიდულობს... როცა ამ ბრენდის ავტომობილს ირჩევ, უნდა გქონდეს შეგრძნება, რომ ის ყველა დაბრკოლებას გადალახავს და ყველგან მიგიყვანს — ასეთ დროს, ცხადია ბოლო, რასაც ელოდები, ისაა, რომ შენი ჯიპი საკიდრის ზამბარებს სადღაც უკან მოისვრის.

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეს უსიამოვნება Grand Cherokee-სა და Grand Cherokee L-ის 80 620 მძღოლიდან ნებისმიერს შეიძლება დაემართოს — დიახ, სწორედ ამ რაოდენობის ავტომობილების გაწვევისკენ მოუწოდა Jeep-ს აშშ-ის საავტომობილო გზების უსაფრთხოების ეროვნულმა ასოციაციამ (NHTSA). ცხადია, ამ მოწოდებას ავტომწარმოებელი დაემორჩილება და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, პრობლემურ ავტომობილებს უსასყიდლოდ შეაკეთებს. 

კერძოდ, აღნიშნული გაწვევა 2022-2023 წლებში გამოშვებულ Grand Cherokee-ებსა და 2021-2023 წლების Grand Cherokee L-ებს ეხება. პრობლემა მარტივია — შესაძლოა, საკიდრის ცილინდრული სპირალური ზამბარა არასწორად იყოს დამონტაჟებული და მართვისას უბრალოდ ავტომობილისგან განცალკევდეს. 

თუ დაგრჩათ შეგრძნება, რომ ეს ადრეც წაგიკითხავთ, არ ცდებით. ანალოგიური პრობლემის გამო Jeep-მა Grand Cherokee-ები 2023 წელსაც გაიწვია. მიუხედავად ამისა, ნუ შეგეშინდებათ — Jeep-ის ცნობით, გაწვეული 80620 ავტომობილიდან ეს პრობლემა მათ, მაქსიმუმ, 0.5%-ს შეიძლება ჰქონდეს, რაც სულ 403 ავტომობილია. 

უკანა ზამბარების დაკარგვა საკმაოდ ცხადი საფრთხეა, რადგან ასეთ დროს არსებობს ალბათობა იმისა, რომ მძღოლმა ავტომობილზე კონტროლი დაკარგოს. მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას, დაკიდების კომპონენტების გაფანტვამ, შესაძლოა, დააზიანოს უკან მომავალი ავტომობილებიც. ამის მიუხედავად, საბედნიეროდ, აღნიშნული პრობლემის გამო მძიმე შედეგი არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა. 

Jeep გაწვევაში მოხვედრილი მოდელების მფლობელებს წერილებს 12 თებერვლიდან გაუგზავნის, ხოლო სერვისცენტრები მათ მიღებას მიმდინარე წლის მარტიდან შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები