მოდიფიცირება, ბიემვი, ბმვ, ბიემვი აი5, ბმვ ი5
Aa
Aa

AC Schnitzer-მა ვერ მოიცადა და BMW i5 საკუთარი განახლებით წარადგინა

BMW-ს მეხუთე სერიისა და მისი ელექტროვერსიის, i5-ის, შუალედური განახლებები მუშაობის პროცესშია. თუმცა ამჟამინდელ მფლობელებს, რომელთაც თავიანთი ავტომობილის განახლება სურთ, ავტომწარმოებლისთვის ლოდინი უკვე აღარ მოუწევთ, რადგან ეს მისია საკუთარ თავზე AC Schnitzer-მა აიღო.

AC Schnitzer-მა 2024 წელს G60/G61 თაობისთვის ვიზუალური და შასის განახლებები წარადგინა. მაშინ წინასწარი მიმოხილვები შიგაწვისძრავიან ვერსიებზე იყო ფოკუსირებული. ამჯერად კი განახლებები i5-ზე, კერძოდ, M60 xDrive მოდელზეა მოცემული. გერმანულმა ტუნერმა ახლახან ახლად მოდიფიცირებული i5-ის სურათები გაავრცელა, რომელზეც ულტრააგრესიული M5-ის შედარებით ცივილიზებულ ვერსიას ვხედავთ.

ექსტერიერში პირველი ჩვენს ყურადღებას აგრესიული იერის კორპუსი იპყრობს — დაწყებული წინა სპლიტერით, დასრულებული უკანა მხარეს ორი განსხვავებული სპოილერით. სურვილის შემთხვევაში, ტუნერი სპოილერის უნიკალურ ვარიაციასაც დაამზადებს. ეს ნაწილები i5 მოდელებზეა მორგებული და M Sport პაკეტს მოიცავს, სტანდარტულთან შედარებით ბევრად სპორტული დიზაინის ბამპერებით.

მათთვის, ვისაც ავტომობილში დრამატიზმის დამატებითი დოზა სურს, ტუნერი ზოლიან გვერდითა სტიკერებსაც დაამატებს. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი, ალბათ, მაინც ალუმინის დისკებია, რომლებიც სამ სტილში, 19-დან 21 ინჩამდე დიამეტრითაა ხელმისაწვდომი.

i5 M60 xDrive, რომელზეც ეს მოდიფიცირებული ვერსიაა აწყობილი, მეხუთე სერიის ყველაზე მძლავრი ელექტროვერსიაა. ქარხნულად ავტომობილი ორმაგი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა კომბინირებული სიმძლავრე 593 ცხენის ძალას, ხოლო მაბრუნი მომენტი 820 ნიუტონ-მეტრს აღწევს. AC Schnitzer-ის მტკიცებით ეს მათთვის საკმარისი არაა, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ისინი ავტომობილის ელექტროსისტემას ხელს ახლებენ. თუ ასე მოხდა, ამას ნამდვილად შევიტყობთ.

რაც შეეხება i5-ის განახლების ღირებულებას: წინა სპლიტერის ფასია $1 500, გვერდითი კალთების — $1 000, სახურავის სპოილერის — $580, უკანა სპოილერის — დამატებით $640, ხოლო საბურავების (დისკების) სავარაუდო ღირებულება, სპეციფიკაციების მიხედვით, $7 700-ია.

მსგავსი სიახლეები