Tesla-ს რობოტაქსების მონაწილეობით სატესტო რეჟიმში 14 ავარია დაფიქსირდა
ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა, Tesla-მ, რამდენიმე თვის წინ ოსტინში სატესტო რეჟიმში საკუთარი რობოტაქსები გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც Tesla, ისე ავტონომიური ტექნოლოგიების სხვა შემქმნელი კომპანიები ამტკიცებენ, რომ თვითმართვადი მანქანები ბევრად უფრო უსაფრთხოა და უკეთესადაც რეაგირებს, ვიდრე ადამიანი მძღოლები, ფაქტია, რომ მათი გაშვებიდან მხოლოდ პირველ რვა თვეში Tesla-ს რობოტაქსების მონაწილეობით ავტოინციდენტის 14 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციისთვის (NHTSA) წარდგენილ დოკუმენტში თავად ავტომწარმოებელმა განაცხადა. Tesla Inc.-ის რობოტაქსის სერვისი ოსტინში მომსახურების დაწყებიდან ათზე მეტ ავარიაში ფიგურირებდა. ცნობისთვის, ავარიების უმეტესობის დროს მანქანაში უსაფრთხოების მძღოლი (ადამიანი) იმყოფებოდა.
პირველი ინციდენტის შესახებ მწარმოებელმა მარეგულირებელს ჯერ კიდევ ივლისში აცნობა, თუმცა, როგორც მაშინდელ განაცხადში იყო აღნიშნული, შემთხვევის შედეგად მხოლოდ ავტომობილი დაზიანდა.გზებზე მომხდარი ინციდენტების შესახებ Tesla-მ მარეგულირებელს დეკემბერშიც შეატყობინა — ამ შემთხვევაში მცირე დაზიანებებით პირის ჰოსპიტალიზაციაც გახდა საჭირო. თუმცა ივლისის ავარია თავიდან „მხოლოდ ქონებრივ ზიანად“ გაფორმდა, მხოლოდ დეკემბერში Tesla-მ შეცვალა ანგარიში და დაამატა ინფორმაცია ჰოსპიტალიზაციის შესახებ.
იანვრის თვეში Tesla-მ მარეგულირებელს ხუთი ახალი ინციდენტის შესახებ აცნობა. ერთ-ერთი შემთხვევისას გაჩერებულ რობოტაქსს ოსტინის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა, ორ შემთხვევაში კი რობოტაქსი ავტოსადგომებზე არსებულ ობიექტებს დაეჯახა.

Tesla-ს ინციდენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეზღუდულია, თუმცა კომპანია ვალდებულია, მომხდარის შესახებ მარეგულირებელს მუდმივ რეჟიმში აცნობოს. თავად კომპანიის განცხადებით, უმეტესწილად ზარალი მხოლოდ ავტომობილების დაზიანებით შემოიფარგლებოდა.
დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, Tesla-ს თვითმართვადი რობოტაქსები სატესტო რეჟიმში პირველად ოსტინში გამოჩნდნენ. თავდაპირველად სერვისით სარგებლობის უფლება მხოლოდ კომპანიის მიერ შერჩეულ პირებსა და ინფლუენსერებს ჰქონდათ. თუმცა, გაშვების შემდეგ რობოტაქსების წინააღმდეგ მარეგულირებელთან არაერთი საჩივარი შევიდა, მათ შორის — საგზაო წესების დარღვევის გამო. Tesla-ს გეგმით, წლის შუა პერიოდისთვის სერვისის გაფართოება დამატებით შვიდ ქალაქში იგეგმება, თუმცა მსგავსი დაპირების შესრულება კომპანიამ გასულ წელს ვერ შეძლო.