Nissan-მა სპეციალურად ინდური ბაზრისთვის შექმნილი მოდელი წარადგინა
Nissan-ი ფინანსური პრობლემების მოგვარებას ინდურ ბაზარზე დაბრუნებით ეცდება — ახალი ეტაპს იაპონური ავტომწარმოებელი ახალი, ბიუჯეტური მოდელით გახსნის. Gravite 7-ადგილიანი კომპაქტური მინივენია, რომელიც გარეგნულად ქროსოვერს წააგავს და მეტწილად Renault Triber-ს ეყრდნობა.
ფრანგული ტყუპისცალისგან Gravite-ს განსხვავებული წინა ბამპერი განასხვავებს, რომელიც ახლა რვაკუთხედებიანი ცხაურათია აღჭურვილი. აი პროფილში კი ინდური ბაზრისთვის განკუთვნილი მოდელი Triber-ის იდენტურია.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი სიგრძეში სრულად 4 მეტრიც არ არის, ინტერიერის განლაგება სამრიგიანი, 7-ადგილიანია. მე-3 რიგი ყველა კომპლექტაციაში გვხვდება, თუმცა მათ, ვისაც საბარგულის სივრცის გადიდება სურთ, მოდელიდან მისი ამოღება შეუძლიათ.
Renault-ისგანაა გადმოტანილი ხელსაწყოთა პანელიც, რომელიც 8-დუიმიანი მულტიმედიის მონიტორისგან და 7-დუიმიანი საზომ ხელსაწყოთა ბლოკისგან შედგება. გაუმჯობესებული კომპლექტაციის მფლობელები დამატებით ორმაგ ვიდეო რეგისტრატორს, JBL-ის აუდიოსისტემას, ჰაერსაწმენდს, კისრის ბალიშებსა და LED განათებას მიიღებენ. 
Nissan Gravite CMF-A+ არქიტექტურას ეყრდნობა, რომელსაც Nissan Magnite-სთან, Renault Triber-თან, Renault Kwid-თან და Kiger-თან იზიარებს. კაპოტის ქვეშ მფლობელს მოკრძალებული, 1-ლიტრიანი, 3-ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავა დახვდება, რომელიც 71 ცხ.ძ-სა და 96 ნიუტონს გამოიმუშავებს. სიმძლავრე წინა ხიდს ხუთ-სიჩქარიანი, მექანიკური გადაცემათა კოლოფით გადაეცემა.
მთავარი ამ მოდელში მისი ფასია — ის ტყუპისცალ Triber-ზე 200$-ით იაფია და 6400$ ღირს. 10 000$-ს არც მოდელის ყველაზე ძვირადღირებული კომპლექტაცია სცდება — Gravite Tekna Launch Edition-ის შეძენა 9 900 დოლარადაა შესაძლებელი. 
იაპონური ავტომწარმოებელი, როგორც ჩანს, ინდურ ბაზარზე ინვესტირებას სერიოზულად უყურებს და იქ მალე 2 ახალ მოდელს დაამატებს.