Bertone Runabout-ი 60 წლის შემდეგ გაცოცხლდება | განდინის დიზაინი V6 ძრავით ბრუნდება
1960-იან წლებში Bertone-მ ლეგენდარული დიზაინერის, მარჩელო განდინის მიერ შემუშავებული კონცეპტუალური ავტომობილი, Runabout-ი წარადგინა. თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ავტომობილი ავტომოყვარულთათვის ალბათ ახლა ბევრად უფრო საინტერესოა, რადგან ახალ ვერსიაში ის V6 ძრავით იქნება შემოთავაზებული.
1969 წლის ტურინის ავტოშოუზე წარმოდგენილი ავტომობილის მასობრივ წარმოებაში ჩაშვებას ავტომწარმოებელი მაშინ არც კი განიხილავდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ახლა — ამ მოდელის დებიუტიდან დაახლოებით 60 წლის შემდეგ იგეგმება. 2026 წელს ავტომობილი ანდრეა მოჩელინმა განაახლა — ადამიანმა, რომელიც Ferrari-ში, Maserati-სა და Alfa Romeo-ში მუშაობდა.

ბუნებრივია, ავტომობილი სრულად თავდაპირველი ვერსიით არ იქნება წარმოდგენილი და მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაც განხორციელდა. თუმცა ძირითადად ის მაინც განდინის 1960-იანი წლების კონცეფციის ერთგული დარჩა.
როგორც გითხარით, დიზაინერმა Bertone-სთან თანამშრომლობით Runabout-ის სპორტქარი 1969 წელს წარადგინა. მაშინ ამ კონცეპტუალურ ავტომობილს ერთი დანიშნულება ჰქონდა — მარჩელო განდინის ინოვაციური იდეები ვიზუალურად უნდა გაეცოცხლებინა. თუმცა იმ დროს არც დიზაინერის და არც კომპანიის გეგმებში მისი წარმოებაში ჩაშვება არ შედიოდა.

თავდაპირველ ვერსიაში ავტომობილს სახურავი და კარები არ ჰქონდა, სიმძლავრე კი Autobianchi-ს 1.1-ლიტრიანი ძრავიდან მოდიოდა. ეს უკანასკნელი მხოლოდ 50 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, რაც ავტომობილის გადაადგილებისთვის საკმარისი იყო.
ახლა უკვე Bertone ამ მოდელს, რომელიც Lotus Exige-ის ბაზაზეა აგებული, როგორც Barchetta-ს კუპეს, ასევე მოსახსნელი სახურავით — Targa-ს სახით აწყობს. წონის შემცირების მიზნით, სახურავი კარბონისგან იქნება დამზადებული. ახალ ვერსიაში, წინა მხარეს, კორპუსში გაგრილებისა და აეროდინამიკური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად S-duct-ის შემშვებებია განთავსებული, ამოსაწევი ფარები კი თითქოს 1969 წლის ქარხნული მოდელის დიზაინს იმეორებს.

თუმცა ყველაზე დიდი ცვლილებები, რა თქმა უნდა, კაპოტქვეშ დაგვხვდება. სპორტქარი ახლა უკვე Toyota-ს მიერ წარმოებული 3.5-ლიტრიანი სუპერჩარჯერი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 475 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Bertone-ს განცხადებით, ეს ავტომობილი Bertone Classic Range-ის პირველი მოდელია. მომავალში კი წარსულიდან სხვა ავტომობილების გაცოცხლებასაც უნდა ველოდოთ.