Hyundai-ს განცხადებით, Genesis-ს 2030 წლისთვის დიდი გეგმები აქვს
Hyundai ჯგუფისთვის სწრაფი და სახალისო ავტომობილები უცხო არ არის — მეტიც, კორეულმა კომპანიამ ბევრი გულშემატკივარი გაახარა, როცა დაადასტურა, რომ მისი Genesis Magma GT სერიული წარმოების ავტომობილი გახდებოდა.
გასული წლის ბოლოს ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ პერფორმანსზე ორიენტირებული მოდელების ტალღას ამზადებდა — მალევე გამოუშვა Genesis GV60 Magma და დაადასტურა, რომ საწარმოო ხაზში Magma ვარიანტს თითოეული მოდელი მიიღებდა. შესაბამისად, Magma GT-ის გამოსვლას ავტომოყვარულების დიდი ნაწილი ინტერესით ელოდება.

ბრიტანულ Car Magazine-თან ინტერვიუში Hyundai Motor Group-ის პრეზიდენტმა, ხოსე მუნიოზმა და დიზაინერმა ლუკ დონკერვოლკემ მომავლის საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.
„Genesis-ის ავტომობილები Hyundai-სა და Kia-ს მოდელებისგან რადიკალურად განსხვავდებიან. განსხვავებულია როგორც მათი პლატფორმები, ისე ტექნოლოგია და პერფორმანსი“, — განაცხადა მუნიოზმა.
სერიულ Magma GT-ზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და თავდაპირველი გეგმით, ის 2030 წლამდე უნდა გამოვიდეს. დიზაინერის განცხადებით, მისი განვითარების ციკლი დაახლოებით ისეთი იქნება, როგორც Nissan GT-R-ის შემთხვევაში ვიხილეთ.
„ჯერ უშვებ საბაზისო მოდელს, შემდეგ S-სა და GT3-ს, შემდეგ აკეთებ როდსტერს. ამის შემდეგ ავტომობილს უწევს დიდი შუალედური რესტაილინგი და ეს ციკლი მეორდება. აქ რთული და კომპლექსური არაფერია“ — განაცხადა დონკერვოლკემ.
მთავარმა დიზაინერმა განაცხადა ისიც, რომ, შესაძლოა, სამომავლოდ შეზღუდული გამოშვების Magma მოდელებიც ვიხილოთ — ასეთ რამეს, როგორც წესი, Ferrari, Lamborghini, McLaren-ი და მსგავსი „დიდი ბიჭები“ აკეთებენ. კომპანიის განცხადებით, ბოლო პერიოდში გამოსული პროტოტიპები, როგორიცაა X Gran Coupe, Wingback და ა.შ, ყურადღების მისაქცევი თიზერები არ არის — Genesis-ს ამ ავტომობილების აწყობა და სერიულად გამოშვება შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებისთანავე შეუძლია. 
ერთი სიტყვით, ახლო მომავალში Genesis-ის არაერთ სერიულ მოდელს ვიხილავთ.