თანამედროვე ტექნოლოგიები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაცია, ალკოტესტი
Aa
Aa

აშშ-ში ნასვამი მძღოლების „შემაჩერებელი ტექნოლოგიის“ დანერგვას განიხილავენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში განიხილავენ ინიციატივას, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების მიერ ავტომობილის მართვის აღსაკვეთად „შემაჩერებელი ტექნოლოგიის“ დანერგვას ითვალისწინებს. ინიციატივა ავტომწარმოებლებს დაავალდებულებს, მანქანებში პასიური მოწყობილობები დაამონტაჟონ, რომლებიც ნასვამი მძღოლის იდენტიფიცირებას და, საჭიროების შემთხვევაში, ავტომობილის გათიშვას შეძლებენ.

წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია (NHTSA) ვალდებულია, შექმნას უსაფრთხოების ახალი სტანდარტი, რომელიც ყველა ახალწარმოებულ ავტომობილში დაინერგება. ეს შესაძლოა ზოგისთვის დადებით გადაწყვეტილებად ჟღერდეს, თუმცა ინიციატივის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ამ ტექნოლოგიის გამო კრიტიკულ დროს შესაძლოა სრულიად ფხიზელი მძღოლებიც კი ავტომობილის გარეშე დარჩნენ.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ავტომობილს სტანდარტული ალკოტესტი ექნება. ამის ნაცვლად, ტრანსპორტში უნდა დამონტაჟდეს სპეციალური სენსორები და ჰაერის მაკონტროლებლები, რომლებიც მძღოლის ამოსუნთქულ ჰაერში ალკოჰოლის დონეს შეაფასებენ.

კრიტიკოსების აზრით, შესაძლოა ალგორითმი შეცდეს, რაც მძღოლებს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. მაგალითად, ფხიზელმა მძღოლმა, რომელიც ცდილობს სამსახურში წასვლას ან სახიფათო სიტუაციიდან თავის დაღწევას, შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ მანქანა არ იქოქება მხოლოდ იმიტომ, რომ სისტემამ ის შეცდომით მიიჩნია ნასვამად.

ამ ეტაპზე NHTSA-ს საბოლოო წესდება ჯერ არ წარუდგენია და შესაძლოა ეს 2027 წლამდე არც მოხდეს. თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ თითოეულმა მძღოლმა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან არ დაჯდეს. ეს აუცილებელია როგორც თავად მძღოლების, ისე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები