Lexus-ი IS-ის განვითარებას განსხვავებული გზით აპირებს
Lexus-მა გადაწყვიტა, მოძველებული IS-ისთვის კიდევ ერთი რესტაილინგი გამოეშვა — შედეგი ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება: ექსტერიერი უფრო გამოკვეთილი და აგრესიულია, ხოლო სალონი უფრო მოწესრიგებული და სადა. IS განახლდა, თუმცა კულისებში მის მემკვიდრეზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს — ინსაიდერების განცხადებით, ახალ მოდელს 2027 წელს ვიხილავთ და ის სრულად ელექტრო იქნება.
ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე IS-ზე საუბარი 2021 წელს დაიწყო, როცა Lexus-მა პროტოტიპი Electrified Sedan წარადგინა. ამას 2023 წელს LF-ZC კონცეპტი მოჰყვა, რომელმაც სერიული წარმოების მომდევნო ელექტრომობილზე შედარებით ცხადი წარმოდგენები შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ სრულად ელექტრო სედანების ბუმი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე მიილია და მძღოლები კარგად ნაცნობ ჰიბრიდებს დაუბრუნდნენ, Toyota-მ მრავალმხრივი გზის სტრატეგიას არ უღალატა — შიგაწვიძრავიანი, ჰიბრიდული და ელექტრო მოდელები Corolla-ში აუცილებლად შენარჩუნდება, სხვა ასეთი მოდელების შესახებ კი ეტაპობრივად გავიგებთ.
აღნიშნული პრობლემების მიუხედავად, არსებობს ნიშნები იმისა, რომ იაპონური ავტომწარმოებელი თავდაპირველად დასახულ გეგმას ბოლომდე უერთგულებს და IS-ს მხოლოდ ელექტრომობილად აქცევს. იაპონურმა გამოცემა Best Car-მა ეს ცნობები დაადასტურა. სავარაუდოდ, მოდელი BMW i3 Neue Klasse-ს, Audi A4 e-tron-ისა და Mercedes-Benz C-Class EQ-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ელექტრომობილი მეტწილად LF-ZC პროტოტიპს დაეყრდნობა, ექნება უფრო დადაბლებული სილუეტი და ყურადღება ტრადიციული სედანის პროპორციების ნაცვლად, მანქანის აეროდინამიკას მიექცევა.
გამოცემის ცნობით, ელექტრომობილის საბაზისო, უკანა ამძრავ ვერსიას ერთი ელექტროძრავა ექნება, ხოლო პერფორმანსზე ორიენტირებულ ორძრავიან სრულ ამძრავს 500 ცხ.ძ-ის გამომუშავება შეეძლება. უფრო საინტერესოა მყარსხეულიანი ბატარეის პოტენციალიც — თუ ამ ტექნოლოგიას Lexus-ი წარმატებით დანერგავს, ერთი დამუხტვით გავლადი მანძილი 1000კმ-ს მიაღწევს, რაც კომპანიას ელექტრომობილების ბაზარზე დიდ უპირატესობას მისცემს. მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ ჭორებს ვეყრდნობით, თუმცა იაპონური ავტომწარმოებელი ოფიციალურ ინფორმაციას, სავარაუდოდ, მალე გააზიარებს. 