ახალი Toyota Highlander-ი სრულად ელექტროა, რასაც მის სახელურებზე ვერ ვიტყვით
ელექტრომობილების სახელურები ბოლო პერიოდში შეშფოთების საგნად იქცა, რასაც ჩინეთში, საკანონმდებლო დონეზე, მათი აკრძალვაც კი მოჰყვა. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს სხვა ბაზრებზე, თუმცა ამ სრულიად ელექტრო Highlander-ის სახელურები ჩვენს ყურადღებას ნამდვილად იპყრობს.
მაშინ, როდესაც EV-ების მწარმოებელთა დიდი ნაწილი კვლავ სრულად ელექტრო სახელურებს ეყრდნობა, Toyota-მ შედარებით განსხვავებული გადაწყვეტა წარმოგვიდგინა. კომპანიის ყველასთვის კარგად ცნობილი SUV-ის, Highlander-ის ახალ თაობაში ფარული ფუნქციაა ჩამონტაჟებული, რომელსაც, ერთი შეხედვით, ალბათ ცოტა თუ შეამჩნევს.

ფიქსირებული სახელურის შიგნით მოთავსებულია პატარა ღილაკი, დაახლოებით საფოსტო მარკის ზომის. ის შექმნილია ისე, რომ ავტომობილის გარეთ მყოფმა პირებმა — რა თქმა უნდა, საგანგებო ვითარების დროს და არა მუდმივად — კარის გაღება შეძლონ. შესაბამისად, ეს პატარა ზომის მოწყობილობა ძირითადი ელექტრო სახელურისგან დამოუკიდებლად მუშაობს და მექანიკურია.
პატარა საგანგებო ჩანართის გვერდით არის მოსახსნელი საფარი, რომელიც ტრადიციულ ჩამკეტს მალავს. თუ ავტომობილის აკუმულატორი დაცლილია, შეგიძლიათ უბრალოდ მოხსნათ ეს საფარი, მოათავსოთ მასში ფიზიკური გასაღები, ხელით გახსნათ საკეტი და შემდეგ სახელური გამოწიოთ კარის გასაღებად.

შიდა სახელურები Lexus-ში არსებულის მსგავსია. შესაბამისად, მგზავრებს შეუძლიათ როგორც ელექტრო ჩამკეტი გახსნან ღილაკზე ხელის დაჭერით, ისე გამოწიონ სახელური და ავტომობილის კარი, საჭიროების შემთხვევაში, ასე გააღონ. ეს როგორც მძღოლისთვის, ისე მისი თითოეული მგზავრისთვის უსაფრთხოების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.