თბილისი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის შემოვლითი გზა
Aa
Aa

თბილისის შემოვლითი გზის ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისის შემოვლითი გზის მესამე ლოტის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. მესამე ლოტი ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს, კერძოდ კი გულისხმობს ავჭალა–გლდანის 5.8-კილომეტრიან და გლდანი–აეროპორტის 16.7-კილომეტრიან მონაკვეთებს.

„პროექტის მიხედვით, გზა იქნება 4-ზოლიანი, 4 სატრანსპორტო კვანძით, 16 ხიდით და 4 პარალელური გვირაბით. მონაკვეთი იწყება ავჭალის სარკინიგზო ხიდის წინ, გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და სრულდება დიდი ლილოს შესასვლელთან, ლილოს ბაზრობამდე“, — ვკითხულობთ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში ოთხი ძირითადი სატრანსპორტო კვანძი უნდა მოეწყოს გლდანის ციხესთან, მუხიანთან, თბილისის ზღვასთან და დიდი ლილოს ტერიტორიაზე. საავტომობილო გზის დერეფანში კი მოეწყობა „ავჭალის“, „გლდანის“, „მუხიანის“ და „ციხის“ გვირაბები.

შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური — რუსთავი), საერთო ჯამში, დაახლოებით 49 კილომეტრია და ოთხ ლოტადაა დაყოფილი. თბილისის შემოვლითი გზის მეორე ლოტის (წიწამური–ავჭალის მონაკვეთის) სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გამოცხადდა.

თბილისის შემოვლითი გზის ავჭალა–აეროპორტის მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების წარდგენა 2026 წლის 11 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 932 023 564 ლარია.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის შემოვლითი გზის მშენებლობა ოთხ ლოტადაა დაყოფილი. გასულ წელს სატენდერო პროცედურები მეორე და მესამე ლოტებზე დაიწყო, 2026 წელს კი — უკვე მეოთხე და მეხუთე ლოტებზე. რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2026 წლიდან აქტიურად დაიწყება და გაგრძელდება კახეთის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა.

წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები