ალფა რომეო Giulia Quadrifoglio-სა და Stelvio Quadrifoglio-ს წარმოებას განაახლებს
Stellantis-მა ბოლო პერიოდში ამერიკულ ბაზარზე არაერთი საინტერესო გადაწყვეტილებით გაგვაკვირვა — მაგალითად, V8 ძრავებით აღჭურვილი Ram-ები გააცოცხლა. როგორც ჩანს, ახლა ევროპის ჯერი დადგა... მას შემდეგ, რაც არაერთ მოდელში დიზელის ძრავები დააბრუნა, ტრანსატლანტიკურმა კონგლომერატმა დაადასტურა, რომ Alfa Romeo Giulia-სა და Stelvio-ს Quadrifoglio ვერსიების წარმოება განახლდება და 2027 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
სედანი და SUV-ი, რომლებსაც იტალიური ბრენდი უკვე ათ წელზე მეტია აწარმოებს, ტექნიკურად და დიზაინით არ შეიცვლება — წარმოების გახანგრძლივების მიზეზი მათი ელექტრიფიცირებული მემკვიდრეების გამოშვების შეყოვნებაა. 
Giulia პირველად 2015 წლის ივნისში გამოჩნდა, ხოლო Stelvio 2016 წლის ნოემბერში — 2023 წელს ორივე მათგანმა რესტაილინგი განიცადა და ოდნავ შეიცვალა მათი ვიზუალი და ინტერიერი. 2024 წლის შუაში აშშ-ის ბაზრიდან, ხოლო გასულ წელს ევროპიდან მოდელების Quadrifoglio ვარიანტები ამოიღეს, განახლებულმა გარემოებებმა კი ისინი კვლავ გააცოცხლა. ცხადია, ამავე ვადამდე გახანგრძლივდება სტანდარტული მოდელების წარმოებაც.
კომპანიის განაცხადს თან ერთვის Giulia-სა და Stelvio-ს Quadrifoglio Collezione სპეციალური ვერსიებიც ფოტოებიც, რომლებიც კომპანიამ პირველად 2025 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა — მათი წარმოება სულ 63 ერთეულით შემოიფარგლება. 
ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეძლო Stellantis-მა, რომ 2.9-ლიტრიანი V6 Euro 7-ის რეგულაციებისთვის მოერგო, თუმცა სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი უცვლელია — ძრავა კვლავ 513 ცხ.ძ-სა და 600 ნიუტონს გამოიმუშავებს. აღნიშნული სიმძლავრე სედანში უკანა თვლებს, ხოლო SUV-ში ოთხივე ბორბალს მიეწოდება.
„Quadrifoglio ალფა რომეოს სპორტულობის ყველაზე ავთენტური გამოხატულებაა — ასევე იმის, რომ ჩვენი მოდელები ნამდვილი ავტომოყვარულებისთვისაა შექმნილი და ყურადღება მუდამ მძღოლზეა გამახვილებული. გვჯერა, რომ ის ჩვენს შთაგონებას მომავალშიც გააგრძელებს", — განაცხადა Alfa Romeo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სანტო ფიჩილიმ.