BMW 59 000 მანქანას უკან გაიწვევს პრობლემის გამო, რომელიც სალონის ფილტრის შეცვლას უკავშირდება
სადენების გაყვანა არის ის, რასთანაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხება, ალბათ, ყველას ჰქონია, თუმცა ზუსტად ცოტამ თუ იცის, როგორ მუშაობს სადენები ჩვენს ავტომობილებში — როგორც ჩანს, BMW-ის ინჟინრებიც ასე არიან, რადგან გერმანული ავტომწარმოებელი გაყვანილობის პრობლემების გამო დაახლოებით 59 000 მანქანას უკან გაიწვევს. გაწვეულთა შორის კი ბრენდის უმნიშვნელოვანესი მოდელებიც მოხვდნენ...
BMW-ის ცნობით, 58 713 ავტომობილს შეიძლება ჰქონდეს პრობლემა, რომელსაც სალონის ფილტრის გამოცვლისას შეიძლება წააწყდეთ. გაწვეულ მოდელთა შორის არიან 2025 წლის M5 Touring-ი, 2023-2025 წლების 7-Series და 2024-2026 წლების 5-Series. მე-5 და მე-7 სერიებში გათვალისწინებულია სრულად ელექტრო i5 და i7 ვარიანტებიც.
გაწვევა 2025 წლის მარტში დაფიქსირებულ სარჩელებს უკავშირდება, როცა BMW-მ შეიტყო არაერთი საველე ინციდენტის შესახებ, რომელშიც დაზარალებულები გადახურებისა და აალების შესახებ საუბრობდნენ. ეს ინციდენტები 2023-2024 წლების მე-7 სერიის სედანებს მოიცავდა.
მას შემდეგ ჩატარებულმა არაერთმა ცდამ აჩვენა, რომ სალონის ფილტრის შეცვლისას ამ მოდელებში, შესაძლოა, ერთად შეკრული სადენების კონა დაზიანდეს, რაც მთელი ავტომობილის ელექტრო გაყვანილობაზე იმოქმედებს. შედეგად, ბავარიულმა ბრენდმა გადაწყვიტა, მოდელები უკან გაეწვია. კომპანიის განცხადებით, საბედნიეროდ პრობლემასთან დაკავშირებული ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა.
თუ ბიემვის ფანი ხართ, მაინცდამაინც ნუ დაღონდებით — BMW-ის თქმით, აღნიშნული ხარვეზი გაწვეული ავტომობილების 0.1%-ზე ნაკლებს ექნება, თუმცა, როგორც ამბობენ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. მეტიც, როცა ამ მასშტაბის მწარმოებელი 59 000 ავტომობილს სერვის ცენტრში იბარებს, რათა 100-ზე ნაკლები ხარვეზიანი ერთეული გამოავლინოს, ეს მასზე მხოლოდ კარგს ამბობს — BMW თავის მომხმარებლებზე ძალიან ზრუნავს.
ცხადია, ტექნიკური ინსპექტირებისა და პოტენციური შეკეთების ხარჯებს კომპანია დაფარავს — გაწვეული მოდელების მძღოლებმა, რომლებიც BMW-სგან შესაბამის შეტყობინებას მიიღებენ, სერვის ცენტრებს აპრილიდან უნდა მიმართონ.