უამინდობის გამო, საქართველოში, საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია | განახლებადი
უამინდობისა და თოვის გამო, საქართველოში საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზების ნაწილზე მოქმედებს მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, შეზღუდული ხილვადობა, ქარბუქი) გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე. საავტომობილო გზის კმ1-კმ90 (ახალციხე-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ10-კმ104 მონაკვეთზე (ხაშური-ვალეს საბაჟო), დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, შეზღუდული ხილვადობა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (კოდა-სოფ. ალგეთი) და კმ110-კმ146 მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ43-კმ94 (სოფ. ალგეთი-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ცნობისთვის, ამ ეტაპისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ101-კმ162 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ინფორმაცია განახლებადია.
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი